დღეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერხი მარჩენკომ და გაერთიანებული სამეფოს ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, უკრაინა 2,26 მილიარდ ფუნტ სტერლინგს (დაახლოებით $3 მლრდ) მიიღებს სესხის სახით.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც ონლაინ რეჟიმში გაიმართა, ესწრებოდნენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი. საგულისხმოა, რომ ამჟამად ზელენსკი დიდ ბრიტანეთში იმყოფება.
თანხები არის G7 ქვეყნების ERA-ს (Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine) მექანიზმის ნაწილი, რომლის საერთო მოცულობა 50 მილიარდი აშშ დოლარია.
სესხის მომსახურება და დაფარვა მოხდება რუსეთის გაყინული სუვერენული აქტივებიდან მიღებული მომავალი შემოსავლებიდან.




























