მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

$2.3 და ₾1.5 მილიონის ქრთამის აღება - ოთხი ეპიზოდი, რისთვისაც ლილუაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

გრიგოლ ლილუაშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ 23 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება ოთხ სხვადასხვა ეპიზოდში. გამოძიების მიხედვით, ჯამურად საუბარია დაახლოებით 2.3 მილიონ აშშ დოლარსა და 1.5 მილიონ ლარზე.

სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია - განცხადება სრულად

პირველი ეპიზოდი 2022 წლის ოქტომბერს ეხება. პროკურატურის მტკიცებით, ლილუაშვილმა თურქი ინვესტორისგან, ჩაღათაი ულქერისგან, ეკონომიკის მინისტრის მაშინდელი პირველი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, 1 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. თანხა ქარის ელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული მემორანდუმის გაფორმების ლობირების სანაცვლოდ იყო გადახდილი.

მეორე ეპიზოდი 2022 წლის თებერვალში განხორციელებულ ქმედებებს მოიცავს. ამავე შუამავლის მეშვეობით, კომპანია „ექსპრესსერვისი 2008“-ის დამფუძნებლისგან, გიორგი ხაჟალიასგან, ლილუაშვილმა გაზიფიკაციის ტენდერებში დახმარების სანაცვლოდ 1 მილიონ 500 ათასი ლარი აიღო.

მესამე ეპიზოდი 2021–2023 წლებში მოქმედ თაღლითურ ქოლ-ცენტრებს უკავშირდება. პროკურატურის ინფორმაციით, ლილუაშვილი, ნათესავის – სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით, მფარველობას უწევდა ქოლ-ცენტრების ნაწილს და სანაცვლოდ ქრთამის სახით დაახლოებით 1 მილიონ 365 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

მეოთხე ეპიზოდი ეხება თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს. გამოძიების ვერსიით, ლილუაშვილი ქრთამის სანაცვლოდ მფარველობდა მას, მაშინ როდესაც გვანცელაძე საბავშვო ბაღების შესყიდვებთან დაკავშირებულ კონტრაქტებში ე.წ. „ატკატებს“ იღებდა. ამ სქემაში სააგენტოს სხვა თანამშრომლებიც იყვნენ ჩართულები.

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებულია ასეულობით საგამოძიებო მოქმედება, ამოღებულია ვიდეო და აუდიომტკიცებულებები და დაკითხულია არაერთი მოწმე.

გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის საფუძველზე, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს მიმართავს პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

ბრალდებული დაკავებამდე პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოცხადდა და განაცხადა, რომ მისთვის საქმის დეტალები უცნობი იყო.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და სხვების სახლები სუსმა ოქტომბერში გაჩხრიკა. მაშინ ბრალი წარდგენილი არც ერთ პირს არ ჰქონდა. ჩხრეკის შედეგად 7 მილიონი დოლარი და 136 000 ლარი ამოიღეს.

იქამდე კობახიძემ თქვა:

2 აპრილი, 2025: „საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი... ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა“.

4 აპრილი, 2025: „გაირკვა, რომ გვქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით... გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები