მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

23 დეკემბერს თურქეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის გაფართოებაზე მორიგი შეხვედრა გაიმართება

61b9bc0e16f65
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.21 23:45
601
ნათია თურნავა თურქეთის ვაჭრობის მინისტრს თურქეთ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების არეალის გაფართოებაზე ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნათია თურნავა, თურქეთის ვაჭრობის მინისტრ მეჰმეთ მუშს საქართველო - აზერბაიჯანი - თურქეთის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში შეხვდა, რა დროსაც ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური საკითხები და თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო და თურქეთი ნაყოფიერად თანამშრომლობენ ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, ტურიზმი და სხვ.

„შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ თავისუფალი ვაჭრობის კომიტეტის სხდომის ფარგლებში ვაჭრობის არეალის გაფართოების მიმართულებით, ტარიფების შემდგომი ლიბერალიზაციის და მომსახურებით ვაჭრობის თავზე მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის გამართვაზე, რომელიც თბილისში 23 დეკემბერს გაიმართება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის ე.წ. დიაგონალური კუმულაციის სქემის ამოქმედებას, რომლითაც თურქული ნედლეულით საქართველოში დამზადებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით იქნება შესაძლებელი. აღინიშნა, რომ „დიაგონალური კუმულაციის“ ამოქმედება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი ინდუსტრიების განვითარებისთვის, როგორიცაა ტექსტილის, ავეჯის, საშენი მასალების, პლასტმასის ნაწარმისა და სხვა პროდუქციის წარმოების შემდგომი განვითარებისა და ამ მხრივ ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის. ითქვა, რომ ამ სქემის ამოქმედება გაზრდის იმ პროდუქციის ასორტიმენტს, რომელთა გატანაც ევროკავშირში იქნება შესაძლებელი, ასევე წაახალისებს თურქეთიდან ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკაში, ხელს შეუწყობს ერთობლივი კომპანიების ჩამოყალიბებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას“, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის რიგით პირველია და მასთან 2021 წლის 10 თვეში ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით, ხოლო ექსპორტი თურქეთში 66%-ით გაიზარდა. მათ შორის, სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ზრდამ 24%, სამრეწველო პროდუქციისამ კი - 84% შეადგინა.

სამინისტროს ცნობით, ნათია თურნავამ ყურადღება ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, თურქეთიდან 2005 – 2020 წლებში 1,7 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. 2021 წლის სამი კვარტლის წინასწარი მონაცემებით კი თურქეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობამ 75,55 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 107%-ით მეტია. შესაბამისად, თურქეთი საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით, 10%-იანი წილით მე-4 ადგილზეა.

საუბარი წარიმართა თანამშრომლობაზე ტურიზმის სექტორში. ითქვა, რომ 2015 - 2020 წლებში თურქეთიდან საქართველოში 5,6 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა. რაც შეეხება 2021 წელს, 10 თვეში შემოვიდა 261,289 ვიზიტორი.

შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე ისაუბრეს თანამშრომლობაზე სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის, აგრეთვე სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით თანამშრომლობის გარღმავებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები