კალიფორნიული 500 Global-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორია, რომლის პროგრამა, ოპერირების დაწყების შემდეგ, ორმოცამდე “უნიქორნმა” გამოიარა, მათ შორის Canva-ს, Solana-ს, Reddit-ისა და 9GAG-ის მსგავსი გიგანტები არიან.
რამდენიმე წლის წინ, 500 Global-მა ოპერირება საქართველოშიც დაიწყო, სადაც GITA-სთან და “საქართველოს ბანკთან” თანამშრომლობით რეგიონული სტარტაპ-აქსელერატორი, 500 Georgia დააფუძნა, რომლის პროგრამა, ამ დრომდე 50-მდე სტარტაპმა გამოიარა.
რა შედეგები აქვს 500 Global-ს? - ამ კითხვას გლობალური სტარტაპ-აქსელერატორის პარტნიორმა, პედრო ვიეირამ BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში, TECH INFORM-ში სტუმრობისას უპასუხა. როგორც ვიეირა ამბობს, დროსთან ერთად, 500 Global-ი განვითარდა, რაც აისახება, როგორც მის პორტფელში შემავალი კომპანიების ღირებულებაზე, ასევე თავად საინვესტიციო ფონდის ჯამურ შეფასებაზე.
“500 Global-ი ნამდვილი საინვესტიციო გიგანტია, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის წინ, სილიკონის ველზე დაფუძნდა, როგორც საინვესტიციო ფონდი, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე, ანუ Pre-Seed და Seed-სტადიებში მყოფ კომპანიებში ინვესტირებს. თუმცა ახლა, ის მრავალმხრივ საინვესტიციო კომპანიად გარდაიქმნა, ანუ ვფლობთ ფონდებს, რომლებიც ყველა ეტაპზე მყოფ კომპანიაში ინვესტირებს. $2.5 მილიარდის ღირებულების აქტივებს ვმართავთ, პორტფელში 3,000-მდე კომპანია და 5,000-ზე მეტი დამფუძნებელი გვყავს. ჩვენი საინვესტიციო ნაკვალევი ოთხმოც ქვეყანას ფარავს და გვახარებს, რომ კავკასია და ცენტრალური აზია ამ მხრივ დიდ როლს ასრულებს. 35-მდე უნიქორნი გვყავს და მათი ნახევარი - ამერიკის გარეთ დაფუძნდა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გვაჩვენებს, რომ განვითარებად ბაზრებზე ზრდის დიდი პოტენციალია. ასე არის საქართველოშიც.
განვითარებად ბაზრებზე რამდენიმე კომპანია გვყავს, რომლებიც სააქსელერაციო პროგრამაში გავატარეთ და უნიქორნად, ზოგჯერ კი - დეკაქორნად ვაქციეთ. სიმართლე გითხრათ, კომპანიების ამორჩევა არ გვიყვარს, რადგან, როგორც გითხარით 35-მდე უნიქორნი გვყავს, მაგრამ ჩვენი საინვესტიციო ოჯახის პროგრამა ბევრმა ძალიან ცნობილმა კომპანიამ გაიარა, მათ შორის, მაგალითად, Canva-მაც”, - განაცხადა პედრო ვიეირამ TECH INFORM-ში.