ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურია რეგიონში, რაც, დიდწილად, საქართველოში გამოჩენილი გლობალური სტარტაპ-აქსელერატორის, 500Global-ის გამოჩენას უკავშირდება. ამ აქსელერატორმა, რომელსაც მსოფლიოში 2900-ზე მეტი სტარტაპი ჰყავს საკუთარ პორტფელში, ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას რეგიონული მნიშვნელობა მიანიჭა, რაც დასტურდება 500 Georgia-ში მონაწილე უცხოური სტარტაპების რაოდენობით.
500 Global-ის სააქსელერაციო პროგრამა ჩვენს ქვეყანაში “საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან” (GITA) და “საქართველოს ბანკთან” პარტნიორობით იმართება, რაც სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი წინაპირობაა. ამ ურთიერთობის უნიკალურობაზე TECH INFORM-ში 500 Global-ის პარტნიორმა, პედრო ვიეირამ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში რეგიონული სააქსელერაციო პროგრამის ჩასატარებლად, ეს თანამშრომლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“ქვეყანაში ან რეგიონში რომ შევდივართ, ვცდილობთ საჯარო და კერძო პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ და საქართველო ამ მიდგომის კიდევ ერთი მაგალითია. ამ შემთხვევაში, პარტნიორობა ძალიან მყარია და უკვე წლებია, რაც გრძელდება. იმედი გვაქვს, ეს მომავალ წლებშიც ასე იქნება. ერთი მხრივ, GITA-ს გავლით, მთავრობასთან ვთანამშრომლობთ, რაც საშუალებას გვაძლევს თბილისში სააქსელერაციო პროგრამა ჩავატაროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასე, დამფუძნებლების დარწმუნება და რეგიონის ქვეყნებიდან მათი საქართველოში ჩამოყვანა შეგვიძლია, რომელიც ტექნოლოგიურ ჰაბად პოზიციონირებს, რაც ძალიან ღირებულია.
მეორე მხრივ კი კერძო სექტორთან ვთანამშრომლობთ, როგორც “საქართველოს ბანკთან”, ასევე რამდენიმე ოჯახურ ფინანსურ კომპანიასთან. “საქართველოს ბანკი” დასაბამიდანვე ჩვენ გვერდით იყო და ამ თანამშრომლობაში მთავარი კერძო პარტნიორია, რომელიც გვეხმარება არამხოლოდ კაპიტალით, რომელსაც სტარტაპებში ვაბანდებთ, არამედ ბრენდის ცნობადობის ამაღლების, მედიასთან კომუნიკაციისა და კომუნის ჩამოყალიბების კუთხით. ის, რასაც ბანკი აკეთებს, ყოველგვარ მოლოდინს სცდება, ანუ ისინი გაცილებით დიდ საქმეს აკეთებენ კონტენტისა და კომუნის კუთხით, ვიდრე ეს პარტნიორობით იყო გათვალისწინებული. სიამაყით ვივსებით, რომ ასეთი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და იმედი გვაქვს, ის მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება”, - განაცხადა პედრო ვიეირამ TECH INFORM-ში.