26 მაისის ზოგიერთი ღონისძიების დასაფინანსებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან კულტურის სამინისტროს 2.9 მლნ ლარი გამოიყოფა. ამის შესახებ მთავრობის 1 მაისის 727-ე განკარგულებაშია გაწერილი.
დოკუმენტის მიხედვით, თანხა მთავრობის მიერ 2025 წლის 15 აპრილის 657-ე განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისთვის გამოიყო.
„ოცნების“ მთავრობამ 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების გეგმის მიხედვით, კულტურის სამინისტროს ევალება საზეიმო ღონისძიების საჭირო საშვების, ბეიჯებისა და მანიშნებლების დამზადება, ასევე სარეკლამო კამპანიის წარმოება, დიზაინის უზრუნველყოფა და ვიდეორგოლების დამზადება, სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელში განთავსება, ადმინისტრაციულ შენობებზე ბანერებისა და კონსტრუქციების დამზადება - მონტაჟი/დემონტაჟი; თბილისში ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებით გასართობი სივრცეების მოწყობა, როგორიც არის სპორტული, კულტურული აქტივობების სივრცეები, საგამოფენო და საბავშვო სივრცეები, ღვინის სადეგუსტაციო და მოსასვენებელი სივრცეები, ტერიტორიის გასაფორმებელი დეკორაცია.
ამასთან, 26 მაისის ღონისძიებების სამოქმედო გეგმის მიხედვით კულტურის სამინისტრომ 17:10 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს თბილისში პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარედ საზეიმო აღნიშვნა უნდა უზრუნველყოს. თბილისში გალა-კონცერტის ორგანიზება და სატელევიზიო ეთერის უზრუნველყოფას კულტურის სამინისტროს ევალება.
როგორც სამოქმედო გეგმიდან ირკვევა, წელსაც თბილისსა და სხვა ქალაქებში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თავისუფლების მოედანზე და ხუთ მუნიციპალიტეტში ფიცის დადების საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ამასთან, როგორც ჩანს, მთავარი საგამოფენო სივრცეები, წელს, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის ქუჩისა და მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. კერძოდ, როგორც განკარგულების ტექსტშია აღნიშნული, დაგეგმილია ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემეცნებითი-გასართობი სივრცეების მოწყობა. 17:10 საათზე, როდესაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაგეგმილია პრეზიდენტის სასახლესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საზეიმო აღნიშვნა.
თბილისი დროშებითა და ბანერებით გაფორმდება, მოირთვება 9 აპრილის სახელობის ბაღი. განათდება თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდიც საქართველოს დროშის ფერებში.
თბილისში დაგეგმილია გალა-კონცერტიც.




























