საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, პაპუნა ჯანელიძე აცხადებს, რომ 26 ოქტომბერი არის დღე, რომელმაც საქართველო ევროპული ოჯახის წევრობის გზაზე უნდა დააბრუნოს.
ჯანელიძე სოციალურ ქსელ facebook-ში წერს, რომ ყველაზე ცუდი, რაც "ქართულმა ოცნებამ" ამ ორი წლის განმავლობაში გააკეთა, არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირი და დასავლეთი მტრად წარუდგინა.
"14 წლის წინ, როცა პირველად შემოვედი ევროკომისიის ამ შენობაში, საქართველო-ევროკავშირს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ვემზადებოდით. მაშინ 29 წლის ვიყავი. საქართველოს დელეგაციის წევრები, ყველანი ასევე ახალგაზრდები, ანთებული ვიყავით საერთო იდეით - ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გაგვეხადა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ევროკომისიის წარმომადგენლებთან ვერც კი ახსენებდი საქართველოს ევროკავშირში წევრობის პერსპექტივას, ჩვენ მტკიცედ გვჯეროდა ჩვენი ევროპული მომავლის.
ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არ იყო ერთ-ერთი ჩვეულებრივი შეთანხმება, რომელსაც მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა ჰქონდა, ეს იყო ისტორიული მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯი. დღეს განმიახლდა ის განსაკუთრებული განცდა და ემოციები, რაც საქართველოს დელეგაციის წევრებს გვქონდა, და რამაც უზრუნველყო, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლო გამხდარიყო სამაგალითო არამარტო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, არამედ ევროინტეგრაციის პროცესში წინ მყოფი ბალკანეთის ქვეყნებისთვისაც კი, ევროპული რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
14 წლის წინ, ვერ წარმოვიდგენდით იმ მოვლენებს, რაც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში განვითარდა: ერთის მხრივ, საქართველოს ევროკავშირმა გაუხსნა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ გზა და მეორეს მხრივ, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ გზიდან გადაეხვია. ყველაზე ცუდი, რაც "ქართულმა ოცნებამ" ამ ორი წლის განმავლობაში გააკეთა, არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირი და დასავლეთი მტრად წარუდგინა. თუმცა, მჯერა ქართველი ხალხის გონიერების და იმის, რომ ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ არ მოექცევა. მიუხედავად ყველაფრისა, "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს შანსი საქართველოს ევროპულ მომავალს შეუწყოს ხელი - ამისათვის, საჭიროა რომ მოსახლეობას მისცეს არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა და დაემორჩილოს მოსახლეობის თავისუფალ არჩევანს", - აცხადებს პაპუნა ჯანელიძე.