"26 ოქტომბერი მართლა ისტორიული მომენტია, როდესაც ქვეყანამ უნდა აირჩიოს თავისი განვითარების მიმართულება“, - ამის შესახებ კომპანია "სტემსქეილის" მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა მიხეილ კუკავამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
„ეს არჩევნები ნამდვილად არის რეფერენდუმი და რას იტყვიან საერთაშორისო დამკვირვებლები ამ არჩევნებზე, არის განმსაზღვრელი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის.
ახლა მართლა ისტორიული მომენტია, როდესაც ქვეყანამ გარკვევით უნდა აირჩიოს, თავისი განვითარების მიმართულება და თქვას, რომ საქართველოს დაბრუნდა რუკაზე იმ რეფორმების შედეგად, რისი გატარებაც, დაახლოებით, 20 წელია დავიწყეთ და ნაწილი ამ რეფორმების გავაგრძელეთ, მაგრამ რეფორმების დიდი ნაწილი დავაძინეთ. უნდა აღვადგინოთ ის რწმენა და ინტერესი, რაც მსოფლიოს საქართველოს მიმართ ჰქონდა“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.
- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?
- ჩვენ უნდა დავასრულოთ თვითკმაყოფილება, რომელიც ძალიან გვხევს უკან. ერთხელ ვთქვი, რომ გვაქვს ეიფორიული სტაგნაცია ანუ ვართ სტაგნაციაში, მაგრამ გვგონია, რომ არ ვართ და გვგონია, რომ წინ მივდივართ. თვითკმაყოფილება, რომელიც ჩანს ყველგან, არის დამღუპველი; მოსახლეობაშიც არის ეს კმაყოფილება, რომ თითქოს უმჯობესდება მდგომარეობა... მართალია, ჩვენ გაგვეზარდა შემოსავლები, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ რის ხარჯზე, ვიცით ყველამ - დიდწილად ეს ხდება გარე ფაქტორების ხარჯზე. ამას უნდა დაესვას წერტილი.