„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს შევსება დაიწყო. ვახტანგ ბურკიაშვილი, ლევან ძნელაძე, ნინო ჯელაძე და ოთარ შამუგია - მიხეილ ყაველაშვილის მიერ სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილი ოთხი პირიდან ერთი - ოთარ შამუგია - სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრია, სამი კი - ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელი. კერძოდ, ვახტანგ ბურკიაშვილი ეროვნული ბანკის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორია; ლევან ძნელაძე - ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი, ხოლო ნინო ჯელაძე - ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
ვინ არიან და რა ვიცით მიხეილ ყაველაშვილის მიერ შერჩეულ სებ-ის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატზე?
„ჩვენ სულ ვსაუბრობდით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე. ახლა კი, ეს დამოუკიდებლობა უბრალოდ გაქრა“, - თქვა კომპანია "სტემსქეილის" მთავარმა აღმასრულებელი ოფიცერმა მიხეილ კუკავამ #წერტილთან ინტერვიუში, რომლის მთავარი თემა ეროვნული ბანკის საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტების მნიშვნელობა იყო.
- ერთი ყოფილი, ფაქტობრივად, გუშინდელი მინისტრი და ეროვნული ბანკის სამი მოქმედი თანამშრომელი ხდება სებ-ის საბჭოს წევრი. რას გვიყვებიან აღნიშნული პირების CV-ები ანუ რატომ ვერ შეუწყობენ ხელს სებ-ის საბჭოს დამოუკიდებლობის გაზრდას?
- ამ ადამიანებიდან სამი „ქართულ ოცნებასთან“ მჭიდროდაა დაკავშირებული. ქალბატონ ნინო ჯელაძეს აქვს საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება, თუმცა ეს სამი ადამიანი - ოთარ შამუგია, ვახტანგ ბურკიაშვილი და ლევან ძნელაძე - ვერ შეასრულებს თავის მოვალეობას. მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ორგანული კანონის თანახმად, „ეროვნული ბანკის საბჭო უმაღლეს ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას უწევს ეროვნული ბანკის საქმიანობას“. საბჭო კომპლექტდება როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული ნიშნით, მაგრამ სხვა ორგანოებისგან განსხვავებით, მას აქვს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა... ის ყველას ზემოთ დგას - სებ-ის საბჭოს თავად სების პრეზიდენტის საქმიანობის ზედამხედველიც არის; ასევე, ის უწევს საფინანსო სექტორს ზედამხედველობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. იცით, ბოლო 14 წელია, ეროვნული ბანკის სტატისტიკურ მონაცემებს, მათ გადაწყვეტილებებს ვაანალიზებ; ბოლო ხუთი წელია, სხვადასხვა სიმულაციით მოდელირებებს ვაკეთებ და არავის შემოუთავაზებია და არც უნდა შემომთავაზონ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა, მაგრამ რომც შემოეთავაზებინათ, კატეგორიულ უარს ვეტყოდი.
- რატომ?
- ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მიუხედავად იმისა, რომ საბჭო როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული ნიშნით კომპლექტდება, ორივე ფეხით მყარად უნდა იდგე მონეტარულ პოლიტიკაში; მე არ მიმაჩნია, რომ მონეტარულ ეკონომიკაში ორივე ფეხით მყარად ვდგავარ; მაქვს ღიობები ცოდნაში და გამოცდილებაში ხომ მაქვს და მაქვს, რადგან ეროვნულ ბანკში არასდროს მიმუშავია. მახსენდება რეზო თაბუკაშვილი, რომელმაც არაჩვეულებრივი მაგალითი მოიყვანა, როცა თქვა, რომ გედი გრაციოზული ფრინველია წყალში, მაგრამ როგორც კი წყლიდან ამოვა, მობაჯბაჯე ბატად იქცევა. ეს არის ჩემთვის ის სიგნალი, რომ არასდროს ამოვიდე წყლიდან, თუ წყალი არის ჩემთვის ის ჰაბიტატი, სადაც ყოფნისთვის მომამზადა ჩემმა ცოდნამ და გამოცდილებამ.
- ეს ოთხი ადამიანი მალე გახდება სებ-ის საბჭოს წევრი და სხვა წევრებს შეუერთდებიან. ჯამში, საკუთარი CV-ებით ვინ არიან ეს ადამიანები - გედები ტბაში თუ?
- დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს ცხოვრებაში რაღაც აქვთ გაკეთებული იმ სფეროში, სადაც იყვნენ - უმეტესობა კერძო სექტორში საქმიანობა, თუმცა აქვთ საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც. მათ ადგილას, მე არ დავთანხმდებოდი [ასეთ შემოთავაზებას]. ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არაფრით არ ავიღებდი.
- ფაქტია, ისინი დათანხმდნენ და არის საკითხის მეორე მხარე - რთულად დასაჯერებელია, რომ ეს ადამიანები მიხეილ ყაველაშვილის მიერაა შერჩეულია. სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატების სია, მას, სავარაუდოდ, „ოცნებამ“ მიაწოდა, რის გონივრულ საფუძველს გვაძლევს ისტორია, რატომაც სალომე ზურაბიშვილს „ოცნების“ დეპუტატები კანდიდატებს უბლოკავდნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ შეეცადა „ოცნება“ ფორმალური კონკურსის გზით მაინც შეერჩია ეროვნული ბანკის საბჭოს მომავალი წევრები?
- ჩვენ თუ შევხედავთ უკუსვლას, რაც დაიწყო 2019 წელს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე გავრილოვის დასმით და რასაც ვხედავთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ეს არაა გასაკვირია. ჩვენ ვხსნით „რეკორდებს“, რომელიც ამ ქვეყანას არ ჰქონია. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს დასაკარგი. თუნდაც ფორმალურად რატომ არ ჩაატარეს კონკურსი? იმიტომ, რომ „ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ დასავლეთისგან უსამართლოდ კუთხეში მიმწყვდეულები და დაჩაგრულები არიან, მათ შორის ევროკავშირის მიერ, რომელიც „ოცნებაშიც“ კარგად იციან, როგორი მორჩილია კანონების მიმართ. თქვენ კითხვაზე პასუხიც ეს არის - ისინი თავს გრძნობენ დასავლეთისგან უსამართლოდ დასჯილად...
- სებ-ის საბჭო 9 წევრით მალე დაკომპლექტდება. როგორ ფიქრობთ, არსებული 9 წევრიდან მალევე აირჩევენ პრეზიდენტს და იქნება თუ არა ის ნათია თურნავა, რომელიც დღეს პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს?
- იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ აზრით, დასავლეთს მასთან ომი აქვს გამოცხადებული და არ უნდათ, თუნდაც ფასადური დემოკრატიისთვის გამოაცხადონ კონკურსი, დაიცვან კანონები და ა.შ. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში ანუ დარჩება ნათია თურნავა [პრეზიდენტად] თუ სხვას აირჩევენ, ის იქნება ადამიანი, რომელიც მთავრობის პოლიტიკას გაატარებს. 2023 წელს, პრემიერმა [ირაკლი კობახიძემ] გარკვევით თქვა, რომ როდესაც ლარი გაუფასურდება, ხალხი ჩვენკენ გამოიშვერს ხელსო. ეს ხომ მძიმე შეცდომაა?! სად გაამართლა მთავრობის მიერ ცენტრალური ბანკის საქმიანობაში ჩარევამ? - არსად. ხომ ჰყავს პრემიერს მრჩევლები, რომლებიც იღებენ საკმაოდ მაღალ ხელფასს, რომ ამ მიმართულებით მისცენ რჩევები და ერთი მაგალითი მაინც არსებობს, სადაც ცენტრალური ბანკის [საქმიანობის] საკუთარ თავზე აღება კატასტროფით არ დასრულებულა, როგორც ეს მოხდა თურქეთში და კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
- საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ თბილისში ვიზიტი დაასრულა. შემაჯამებელი რელიზი ჯერ არ გაუვრცელებიათ. ცნობილია, რომ განხილვის საგანი IMF-ის შეჩერებული პროგრამა არ ყოფილა, მაგრამ ვიცით რა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები სებ-ის საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტების მნიშვნელობა, საჭიროა თუ არა, ახლაც IMF-მა საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს?
- დიახ, სებ-ის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების და სებ-ის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა იყო მთავარი მიზეზი, რატომაც IMF-მა მიმდინარე პროგრამა შეაჩერა. ზოგადად, ქვეყანაში IMF-ის პროგრამის შეჩერება ძალიან ცუდი მოვლენაა და იმ ქვეყნებმა, სადაც პროგრამა შეჩერდა, ეს ძალიან მწარედ იწვნიეს... რაც შეეხება თქვენ კითხვას, საინტერესო იქნებოდა IMF-ის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, ის ჯერ კულუარულად ცდილობს, სებ-ს მეტი დამოუკიდებლობა ჰქონდეს, რაც ახლა საერთოდ აღარ აქვს. ჩვენ ეროვნული ბანკის მეტ დამოუკიდებლობაზე ვლაპარაკობდით წლების განმავლობაში და ახლა ეს დამოუკიდებლობა უბრალოდ გაქრა.