კომპანია "სტემსქეილის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი მიხეილ კუკავა ლარის კურსის დასაჭერად სავალუტო ინტერვენციების გამო, საქართველოს ეროვნულ ბანკს აკრიტიკებს. „სავალუტო ინტერვენციები არ არის სწორი“, - ამბობს მიხეილ კუკავა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.
საქმე ის არის, რომ მხოლოდ ეროვნულმა ბანკმა წელს, მხოლოდ ოქტომბერში იმაზე მეტი უცხოური ვალუტა გაყიდა ლარის სტაბილურობისთვის, ვიდრე ჯამურად გასულ წელს. კერძოდ, სავალუტო ინტერვენციებით სებ-მა მხოლოდ მიმდინარე თვეში 173.4 მლნ დოლარი გაყიდა, თუმცა ჩვენ ჯერ არ ვიცით, BMatch პლატფორმით გაყიდული სავალუტო რეზერვების მოცულობა.
ოქტომბერში სებ-მა სავალუტო აუქციონებით $173 მილიონი გაყიდა, რაც მთლიანად 2023 წელზე მეტია
„ინტერვენციების მიზანი არის ბაზარს მისცეს სიგნალი. სავალუტო ინტერვენციების მიზანი ვერ იქნება ის, რომ ლარის კურსი დაიჭიროს. უკვე არაერთი თვეა, ვხედავთ, რომ ბაზარს ეს სიგნალს ვერ აძლევს. ეს არის ნორმალური მერყეობა და უნდა დავაცადოთ ეროვნულ ვალუტას იპოვოს, თავისი წონასწორობის წერტილი. ცენტრალური ბანკები სავალუტო ინტერვენციებს, რაც ერთ-ერთი ინსტრუმენტია მათ განკარგულებაში, მიმართავენ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც სურთ სიგნალი მისცენ ბანკებს, ვგულისხმობ ცენტრალურ ბანკებს რომლებიც კარგ საერთაშორისო პრაქტიკად გამოგვადგება, თორემ არიან ცენტრალური ბანკები, რომლებიც ანადგურებენ საკუთარ რეზერვებს და საკუთარი ქვეყნების რეპუტაციას, რეზერვებთან ერთად. ჩვენ რეზერვებს ჯერჯერობით არ ვანადგურებთ, მაგრამ ინტერვენციები არ არის სწორი“, - განაცხადა მიხეილ კუკავამ.
კომპანია "სტემსქეილის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცრის აზრით, მართალია, სავალუტო ბაზარზე გაურკვევლობა გაზრდილია, რითაც ხსნის სებ-ი ინტერვენციებს, მაგრამ მიაჩნია, რომ „ლარს უნდა ვაცადოთ იპოვოს წონასწორობის წერტილი“.
- ყველა ცენტრალურ ბანკს აქვს ზღვარი, რომლის ზემოთაც ის სავალუტო ინტერვენციებით ერევა. დარწმუნებული ვარ, ეროვნულმა ბანკმა ეს ზღვარი იცის, და იმაშიც დარწმუნებული ვარ , რომ ეს ზღვარი ჯერჯერობით არ დამდგარა.
- მაშინ რატომ არ აცლის სებ-ი ეროვნულ ვალუტას იპოვოს წონასწორობის ახალი წერტილი?
- არ ვიცი, ეს სპეკულაციის თემაა... ჩვენ წლების მანძილზე ვხედავდით ძალიან თავშეკავებულ ინტერვენციებს ეროვნული ბანკის მხრიდან წინა მმართველის {კობა გვენეტაძის} პირობებში, როდესაც მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს პირობებში ერეოდა სებ-ი სავალუტო ბაზარზე - როდესაც ვაკვირდებოდი სავალუტო ინტერვენციების მიზანშეწონილობას და როდის აკეთებდა ამას, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდდა იმისთვის, რომ სიგნალი მიეცა ბაზრისთვის და არა იმისთვის, რომ გაურკვევლობა ემართა. გაურკვევლობის მართვა სავალუტო ინტერვენციების მიზანი არ უნდა იყოს.