დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში 2024-29 წლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე იმსჯელებენ, - განსახილველ საკითხებს შორის, უკრაინასა და შუა აღმოსავლეთთან ერთად, საქართველოც ხვდება.
კერძოდ, EU-ს კონსილიუმის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ბლოკის ლიდერები საგარეო პოლიტიკის საკითხების ფარგლებში, საქართველოს სიტუაციას განიხილავენ და ევროკავშირის ერთიან პოზიციაზე, უფრო კონკრეტულად, უცხოელი აგენტების კანონის შესახებ ხედვაზე შეთანხმდებიან.
ამავე დროს ლიდერები შავი ზღვის საკითხსაც განიხილავენ და რეგიონის ქვეყნებთან სტრატეგიული მიდგომის შესახებ იმსჯელებენ.
საგარეო პოლიტიკის განხილვისას ევროკავშირის ლიდერები ასევე მოლდოვას მხარდაჭერის გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც ქვეყანას რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში წარმოქმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. განიხილება მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების გზაც, 25 ივნისს გაწევრების მოლაპარაკებების დაწყების კონტექსტში.
რაც შეეხება უკრაინას, EU-ს ლიდერები სხდომაზე ქვეყნისათვის სამხედრო დახმარების გამოყოფაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ და, მოლდოვას მსგავსად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, 25 ივნისს დაწყებული მოლაპარაკებების კონტექსტში განიხილავენ.
ხუთშაბათს, 27 ივნისს, სტრასბურგში ასევე გაიმართება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაც, სადაც საქართველოს შესახებ საგანგებო დებატები შედგება. განსახილველი იქნება “ქართული დემოკრატიის გამოწვევების” საკითხი. ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ “საპარლამენტო ასამბლეა ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში განვითარებული ბოლო მოვლენების გამო, რაც კითხვებს ბადებს ქვეყნის ერთგულებაზე საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, ისევე როგორც ქვეყნის სურვილის მიმართ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ევროპის საბჭოში გასაწევრიანებლად.
აღსანიშნავია, რომ ევროპული საბჭოს სხდომამდე, მიმდინარე კვირაში EU-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებიც გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის წინ კი ესტონეთის საგარეო მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, ბლოკის გადაწყვეტილებით, საქართველოში EU-ში გაწევრიანების პროცესი, ამ ეტაპზე, შეჩერებულია.