29 აპრილს გამოხატვის თავისუფლების უფლებით ვისარგებლებთ სულ ნეტარად, ნარ-ნარად და ბედნიერად, - ამის შესახებ კულტურის და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
საქმე ის არის, რომ 29 აპრილს „ქართული ოცნება“ აქციის გამართვას გეგმავს, რაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მხარდაჭერის დემონსტრირება იქნება.
BMG-იმ მინისტრს ჰკითხა, რამდენი მოქალაქე უნდა გამოვიდეს საპროტესტო აქციაზე, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ გაიწვიოს კანონი, ისე როგორც შარშან?
„ამ კანონპროექტის უკან გაწვევა არ იგეგმება. ეს იცით. ისევე როგორც უმცირესობას, ასევე უმრავლესობას გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ სულ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად.
შარშან იყო შარშან, წელს არის წელს. შარშან იყო ასეთი ჯენტლმენური შეთანხმება, არასამთავრობო სექტორმა ბრძანა, რაში გვჭირდება კანონი, ჩვენ ისედაც გამჭვირვალეები ვართ და კიდევ მეტად გამჭვირვალეები ვიქნებითო. ამის საპირისპიროდ არათუ გამჭვირვალეები არ გახდნენ, არამედ ძალიან დიდი შავი ფული და თანხები შემოიტანეს ქვეყანაში. აბა გამოვიცნოთ რა მიზნისთვის? თუ ვერ გამოვიცნობთ, კანონი გვჭირდება იმისთვის, რომ გავიგოთ“, - ამბობს წულუკიანი.