3 დეკემბერს, საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 15 ადამიანი. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს მოიცავს.
ჰოსპიტალიზებული პირებიდან აქციის 11 მონაწილე, მედიასაშუალების 3 თანამშრომელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 1 წარმომადგენელია.
"დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკებში აგრძელებს მკურნალობას. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20-ზე მეტი ბრიგადა. ადგილზე, სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.