მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

3 წერტილი, საიდანაც თბილისის მაღაზიები აგრარული პროდუქტით მომარაგდება- როგორია მთავრობის სქემა

5e8df220b9b16
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.20 19:50
8810
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით გუშინ ქვეყანაში აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით დაიკეტა. ამავე შეზღუდვის თანახმად ბაზრის ადმინისტრაციებს ფუნქციონირების ნებართვა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიეცემათ. ამასთან ერთად მთავრობამ აგრარული ვაჭრობისთვის საბითუმო-სავაჭრო ცენტრ „ჯიბეს“ ბაზაზე სავაჭრო პლატფორმა შეიმუშავა, რომელიც სამ ადგილზე განთავსდება.

BM.GE დაინტერესდა როგორ და სად მოხდება რეგიონებიდან აგრარული პროდუქტის დედაქალაქში დასაწყობება და შემდეგ უკვე საცალო გაყიდვის ქსელებში განაწილება; ხომ არ გაზრდის ამგვარი მოდელი აგრარულ პროდუქტზე ფასს და ხომ არ გაჩნდება პროდუქტის ვარგისიანობის პრობლემა - ამ და სხვა კითხვებით BM.GE კომპანია „ჯიბეს“ კომერციულ დირექტორს სანდრო კახიძეს მიმართა.

კახიძე განმარტავს, რომ სურვილის შემთხვევაში რეგიონებიდან კომპანია აგრარული პროდუქტების დედაქალაქში დასაწყობებას უზრუნველყოფს, ხოლო შემდეგ საბითუმო შესყიდვებით მოხდება პროდუქტების გადანაწილება საცალო გაყიდვების ქსელებსა თუ ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში.

„სახელმწიფომ უპირველეს ყოვლისა ეს ყველაფერი დააორგანიზა და თავიდან ბოლომდე ის კურირებს, რომ მოსახლეობას ხელი არ შეეშალოს და უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით მოხდეს პროდუქტის მოგროვება და დედაქალაქში მობილიზება. სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩვენი თანამშრომლობით მოხდება რეგიონებიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ჩამოტანა ჩვენს სამაცივრე მეურნეობებში. ანუ შეიქმნება საბითუმო ბაზა, სადაც მოხდება პროდუქტის დასაწყობება და ამის ბითუმად გაყიდვა და არა საცალოდ ქსელურ მარკეტებზე, ხილ-ბოსტნის მაღაზიებზე და ა.შ.“, - ამბობს „ჯიბეს“ დირექტორი.

მისი ინფორაციით, მათ ბაზაზე განისაზღვრა სამი ლოკაცია, სადაც მოხდება აგრო-სასურსათო პროდუქციის დასაწყობება. დღეისთვის მათ 3 000 ტონის შენახვა შეუძლიათ, რაც სავსებით საკმარისია.

„ეს არის ჩვენი სამაცივრე მეურნეობები, რომლებიც მზადდებოდა ხილ-ბოსტნეულის დასასაწყობებლად და მათი მომზადება გასული წილის შემოდგომაზე დავიწყეთ. ისინი თებერვალში უნდა აგვემოქმდებინა, მაგრამ არსებულმა მდგომარეობამ ხელი შეგვიშალა. სასაწყობე ფართები განლაგებულია თბილისში ერისთავის ქუჩაძე, გლდანში შეშელიძის ქუჩაზე და ერთი არის ახვლედიანზე - ორხევში.

რეალიზაციის კუთხით მითითებებს ახლა გავდივართ და არ ვიცით გლდანის ფილიალი თუ შეძლებს კვლავ საცალო გაყიდვების წარმოებას, თუმცა ერისთავსა და ორხევიდან საცალო გაყიდვები არ განხორციელდება, იმიტომ, რომ ბაზა ძალიან დიდია, მხოლოდ ბითუმად გაყიდვებს შევძლებთ. ამ ეტაპზე ჩვენი გათვლებით 3 000 ტონა პროდუქციის დასაწყობება შეგვიძლია“, - ამბობს სანდრო კახიძე.

კომპანიის კომერციული დირექტორი განმარტავს, რომ ამ პროცესში „ჯიბე“ საკუთარი რესურსით მოახდენს პროდუქტის მობილიზებას, თუმცა რა მოცულობის ფინანსური ხარჯი ექნება კომპანიას ჯერ არ იციან. მიუხედავად ამისა სანდრო კახიძე დადასტურებით ამბობს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები არ გაიზრდება.

„ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს პროდუქტების ტრანსპორტირებას და დასაწყობებას, შესაბამისად ფინანსურ ხარჯებსაც ჩვენ გავიღებთ, ჯერ არ ვიცით საიდან, რა მოცულობის პროდუქტის წამოღება მოგვიწევს, შესაბამისად ხარჯი ჯერ არ ვიცით რამდენი გვექნება.

ჯერჯერობით საუბარია მხოლოდ აგრო-სასურსათო პროდუქტებზე. რძის ნაწარმზე დღეს გაჟღერდა ინფორმაცია და ჯერ გარკვეული არ არის, თუმცა ესეც შესაძლებელია.

ვფიქრობ, ეს მოდელი პროდუქტზე ფასს არა თუ არ გაზრდის, არამედ შეამცირებს კიდეც იმიტომ, რომ ადრე პროდუქტი სანამ მაღაზიამდე მოაღწევდა რამდენიმე ხელს გადიოდა და ახლა გამოდის, რომ პირველი ხელით გამოივლის აქ და კარგი გამტარიანები ვიქნებით. დღეს არ შეიძლება, რომ ჩვენ მოგებაზე ვიყოთ ორიენტირებულები, გამორიცხულია. ყველანაირად ვეცდებით, რომ ფასი იყოს მინიმალური“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის კომერციულმა დირექტორმა.

BM.GE-ის კითხვაზე - როდის დაუკავშირდა მათ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და რა კრიტერიუმებით შეირჩა კომპანია, როგორც სახელმწიფოს პარტნიორი აგრარული ცენტრების შექმნის საკითხში, სანდრო კახიძე აცხადებს: „როგორც კი ქვეყანაში დაიძაბა მდგომარეობდა და წავიდა პროდუქტებზე საუბარი, მოხდა შეხვედრები მომწოდებლებთან ეკონომიკის სამინისტროში და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. ჩვენ წარვადგინეთ რა შესაძლებლობები გქვონდა და რას ვახორციელებდით ქვეყნის მასშტაბით, ამის მიხედვით წამოვიდა ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა, რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, უბრალოდ ჩვენ ეს ბაზები მზად გვქონდა და ასეთ მოკლე ვადაში სხვა ვერ შეძლებდა პროცესების ორგანიზებას. ბაზარზე ამ სფეროში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებიდან ჩვენ გვქონდა სასაწოყობე ფართები, რომლებმაც შემოწმების შედეგად სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნები დააკმაყოფილა“.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის პროდუქტების მობილიზება მარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე დაწყებულია და მათთან თანამშრომლობის სურვილი სხვა რეგიონებშიც გამოთქვეს.

„კონკრეტულად ამ წუთას საუბარია მარნეული-ბოლნისის მუნიციპალიტეტზე. გლეხებს ვერ გამოაქვთ პროდუქტი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებით იქ მოხდება ერთ ადგილას დაგროვება გარკვეული ტონაჟის, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ ამ პროდუქტების ჩვენს სამაცივრე მეურნეობაში გადმოტანა. მარნეულში შეირჩა ისეთი ადგილი, სადაც პროდუქტი გადმოტანამდე არ გაფუჭდება და იქ ყველანაირი ნორმატივი არის დაცული.

ამასთავანავე ჩვენ შეგვეხმიანენ მცხეთა-მთიანეთიდან, იქაც ბაზრების გაჩერების შემდეგ გაჩნდა პრობლემები და გამოხატეს სურვილი, რომ გადმოვიტანოთ მათი პროდუქტი ჩვენს ბაზაზე.

ასევე სამეგრელოდან ორი ადამიანი შეგვეხმიანა და ჩვენ დავუკმაყოფილებთ მათ მოთხოვნას. კიდევ წამოვიდა მოთხოვნა კახეთიდან. დასავლეთიდან ინდივიდუალურად წარმოვიდა მოთხოვნა, კახეთიდან შტაბიდან მოგვმართეს“, - აღნიშნავს სანდრო კახიძე.

BM.GE-ის კითხვაზე მთავრობის მიერ შემუშავებული მოდელი მხოლოდ დედაქალაქში უზრუნველყოფს აგრარულ პროდუქტის მიწოდების უწყვეტობას, თუ რეგიონებშიც, სანდო კახიძე აცხადებს:

„დედაქალაქში აგრო-სასურსათო პროდუქტების მიმართულებით პრობლემა გადაწყვეტილი იქნება, რაც შეეხება რეგიონებს იქ იმდენი ქსელური ობიექტია, რომ ვფიქრობ, იქაც არ იქნება ამის პრობლემა. რამდენიმე მსხვილი მოთამაშეა გადანაწილებული რეგიონში, რომელიც ჩვენთან ითანამშრომლებს და ვფიქრობ, ნორმალურად გადანაწილდება ყველაფერი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები