„კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემებით, 2024 წლის თებერვლის მდგომარეობით, საფინანსო სექტორში 194 745 მსესხებელს 30 დღიდან 3 წლამდე პერიოდში ვადაგადაცილება უფიქსირდება. შესაბამისად, ამ სეგმენტში ჯამურად, პრობლემური სესხი მსესხებლების დაახლოებით 10%-ს აქვს.
ბოლო ერთ წელში იმ სუბიექტების რაოდენობა, რომლებსაც 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდება დაახლოებით 32 ათასით არის შემცირებული.
როგორც „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ლაშა ბაღათურიამ გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ფიზიკურ პირებს შორის ყველაზე მეტი ვადაგადაცილება ისეთ მიმართულებებზე ფიქსირდება, როგორიცაა საკრედიტო ბარათები და სამომხმარებლო სესხები.
„თებერვალში აქტიური პორტფელის მოცულობა 44 მლრდ ლარი იყო, მსესხებლების რაოდენობამ კი 1.9 მლნ-ს მიაღწია. მართალია, წლიურ ჭრილში იმ მსესხებელთა რაოდენობა, რომელთაც 30 დღიდან 3 წლამდე პერიოდის ფარგლებში ვადაგადაცილება უფიქსირდება. თუმცა ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია თავად ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა და ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3-4%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი პრობლემური სესხი ისეთ საკრედიტო პროდუქტებზე ფიქსირდება, როგორიცაა საკრედიტო ბარათები, სამომხმარებლო სესხები და ე.წ ოვერდრაფტები“, - განაცხადა „კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა, ლაშა ბაღათურიამ.
ამასთან, რამდენიმე თვეა, სტატისტიკურ ინფორმაციაში "კრედიტინფომ" ახალი მონაცემიც დაამატა, რომელიც იმ ფიზიკური პირების სესხებს მოიცავს, რომლებსაც 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება აქვთ. თუმცა ამ შემთხვევაში ეს მონაცემი სამი წლის ვადით არ შემოიფარგლება და ყველა მიმდინარე ვადაგადაცილებულ კონტრაქტს მოიცავს.
ამ მონაცემების მიხედვით, მთლიანობაში ვადაგადაცილება 365 ათას 629 ადამიანს უფიქსირდება. როგორც „კრედიტინფოში“ აღნიშნავენ, ამ სეგმენტში მოხვედრილი პირების დიდი წილი არასაბანკო საფინანსო სექტორზე, ე.წ. ვალის ამომღებ კომპანიებზე მოდის, რომლებსაც როგორც წესი, ხანგრძლივი და უიმედო სესხების პორტფელი გადაეცემათ ხოლმე.