მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება“ - რა ზომისაა გაფუჭებული სესხების პორტფელი?

ფული

„კრედიტინფო საქართველოს“ ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელის ლაშა ბაღათურიას თქმით, 2023 წლის განმავლობაში ვადაგადაცილებული სესხების წილი მცირედ კლებას აჩვენებს და 216 ათასს ადამიანს შეადგენს. როგორც ბაღათურიამ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ყველაზე მეტი ვადაგადაცილება სამომხმარებლო სესხებში, ყველაზე ცოტა კი იპოთეკურ სესხებშია.

„კრედიტინფო საქართველოს“ ინფორმაციით, აქტიური მსესხებლების რაოდენობა 1,9 მლნ-ია, ჯამური პორტფელი კი 42 მლრდ ლარს შეადგენს.

„ჩვენ ბაზაში მონაცემები 1,9 მლნ სუბიექტზეა. ეს არის აქტიური მსესხებლების რაოდენობა, ანუ მათი, ვისაც ერთი საკრედიტო პროდუქტი მაინც აქვთ, პორტფელი აღწევს 42 მლრდ ლარს. გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს თუ შევადარებთ ზრდა 7%-იანი გვაქვს აქტიური პორტფელის მოცულობაში, თუმცა სუბიექტების რაოდენობა თითქმის არ იზრდება, რადგან ბაზარი უკვე გაჯერებულია. ძალიან ცოტაა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც სესხი ან ანგარიში არ აქვს, ამიტომ აქ ზრდა თითქმის არ გვაქვს.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, გარკვეული გაუმჯობესება შეინიშნება მით უფრო თუ ვისაუბრებთ საბანკო სექტორზე. დაახლოებით 1%-იანი გაუმჯობესებაა იმ მსესხებელთა რაოდენობაში, რომელიც 1 თვიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება უფიქსირდება. თუკი გასულ წელს 217 ათასი იყო, ოქტომბრის ბოლოსთვის ეს რიცხვი 216 ათასამდე შემცირდა.

ისეთი მსესხებლები, რომლებიც ახალ ვადაგადაცილებას აფიქსირებენ ყოველთვე, მზარდი დინამიკით არ ხასიათდება. ბოლო წლებში ეროვნული ბანკის მხრიდან კონსერვატიული მიდგომა იყო დაკრედიტებაზე და ეს დადებითად მოქმედებდა ამ ნაწილში.

ყველაზე დიდი წილი უჭირავს ბიზნესს სესხებს, რომელსაც მოჰყვება იპოთეკური, სამომხმარებლო, საკრედიტო ბარათები და სხვა პროდუქტები. ვადაგადაცილებები ყველაზე მაღალია სამომხმარებლო სესხებში, შემდეგ მოდის საკრედიტო ბარათები, ბიზნესს სესხები, ყველაზე კარგი მაჩვენებლები აქვს იპოთეკურ სესხებს, რომლის წილი 1%-ს არ სცდება,“ - განაცხადა ბაღათურიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები