რუსეთი 30 ნოემბრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ გადასახადს 1.9%-ით ზრდის.
რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 2 788 რუბლით განისაზღვრება, ნაცვლად არსებული 2 735.2 რუბლისა, რომელიც 29 ნოემბრამდე იყო აქტიური.
ქერზე არსებული ბაჟი 2 430 რუბლიდან 2 308 რუბლამდე შემცირდება, სიმინდზე კი რომლის საექსპორტო გადასახადი ბოლო ორი კვირის განმავლობაში აქტიურად მცირდებოდა, 30 ნოემბრიდან ნულოვანი გახდება.
საექსპორტო გადასახადი საქონლის საინდიკაციო ფასებიდან დგება, რაც 1 ტონა ხორბალზე 313.6 დოლარს (ნაცვლად არსებული 312.5 დოლარისა), ქერზე 283.7 დოლარს (286.7 დოლარი), ხოლო სიმინდზე 221.1 დოლარს (233.9 დოლარი) შეადგენს.
ცნობისთვის: 2022 წლის 6 ივლისიდან საექსპორტო ბაჟი რუბლში ანგარიშობენ, რადგან 2022 წლის 30 ივნისს მთავრობამ ბაჟის დოლარიდან რუბლში გადაყვანის განკარგულება გამოსცა.
რუსეთმა მარცვლეულზე საექსპორტო ბაჟი 2021 წლის 2 ივნისს ამოქმედდა. ის ყოველკვირეულად საინდიკაციო ფასებიდან გამომდინარეობს, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე დარეგისტრირებული საექსპორტო ხელშეკრულებების ფასებს ეფუძნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ხორბლის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ამ ბაზარზე დამოკიდებულება 93% იყო. მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყანაში ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა. ოფიციალური სტატისტიკით, იმპორტირებული ხორბლის ღირებულება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38.5%-ით, ხოლო მოცულობა 57.8%-ითაა შემცირებული. შესაბამისად, წელს 134 322 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 48.3 მლნ დოლარი გავიდა.




























