საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელი ანა ნაჭყებია ამბობს, რომ 2024 წელს კონსერვატიულიდან [დაბალრისკიანი] დინამიკურ [მაღალრისკიან] პორტფელში დაახლოებით 6.5 მილიონი ლარის აქტივები გადავიდა. მან ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სააგენტოს საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ლადო კახაძე დაინტერესდა რატომ არ ინაცვლებენ ადამიანები კონსერვატიულიდან დინამიკურ პორტფელებში, სადაც შედარებით მაღალი ამონაგებია. რის საპასუხოდაც ანა ნაჭყებიამ პორტფელებს შორის არსებულ სხვაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობა კვლავ ნაკლებადაა ინფორმირებული დინამიკური პორტფელის სარგებელზე.
"როგორც იცით, სამ პორტფელს ვმართავთ: კონსერვატიულს, დაბალანსებულს და დინამიკურს. კანონმდებლობით, ავტომატური პორტფელი, სადაც ადამიანი გაწევრიანებისას ხვდება კონსერვატიული პორტფელია. იმისთვის, რომ პორტფელი შეიცვალო უნდა მიხვიდე იუსტიციის სახლში ან ჩვენთან, საპენსიო ფონდში, რის დინამიკასაც ვხედავთ, საკმაოდ დადებითი ტენდენციებია. 2024 წელს დაახლოებით 6.5 მლნ ლარის აქტივების გადატანა მოხდა კონსერვატიულიდან დინამიკურში. თუმცა კარგად არაა ინფორმირებული მოსახლეობა პორტფელების დადებით მხარეებზე. პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა არის აქტივების განაწილება. კონსერვატიული პორტფელი არის ძირითადად საქართველოში, 80% ინვესტირებული ქართულ ფასიან ქაღალდებში, ხოლო ამერიკული და ევროპული გლობალური აქციების წილის დაახლოებით 20%-ია. დინამიკური პორტფელი სრულიად განსხვავებულია - აქტივების 55% სწორედ გლობალურ აქციებშია განთავსებული, ხოლო დანარჩენი ნაწილი საქართველოში. ბოლო 2 წელი რასაც ვუყურებთ, გლობალური აქციები ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს, შესაბამისად დინამიკური პორტფელი სჯობნის კონსერვატიულს. ამ ინფორმაციის მოსახლეობამდე მიტანა მნიშვნელოვანია. თუმცა, დინამიკური პორტფელი შედარებით მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული, რადგან აქციების ფასების მერყეობა შეიძლება მაღალი იყოს. ამიტომ, ადამიანებმა ეს გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღონ. ზოგადად, რაც უფრო ახალგაზრდა ხარ და დიდი საინვესტიციო პერიოდი გაქვს, მაგალითად 30 წელი თუ გაქვს, რომ ვერ გაიტან ამ ფულს, მაგ შემთხვევაში ჯობია, რომ აქციების ბაზრით ისარგებლო. ვცდილობთ და კიდევ უფრო ვეცდებით, რომ ეს ინფორმაცია უკეთესად მივიტანოთ", - განაცხადა ანა ნაჭყებიამ.
ლადო კახაძე ასევე დაინტერესდა, რამდენად შესაძლებელია საპენსიო დანაზოგის ენერგეტიკულ პროექტებში ან ანაკლიის პორტში ჩაიდოს.
"რას ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ჩვენივე ეს დიდი თანხები ჩვენივე საქმეში ჩაიდოს - ენერგეტიკა, როგორც ჩვენი უსაფრთხოების საფუძველი. მართალია, ამას თავისი მოწინააღმდეგეები ჰყავს, მათ ანგარიშს ვუწევ, მაგრამ იმ დასაბუთებით, რომ შემდეგ ამ თანხებიდან მიღებული შემოსავალი გაიზრდება და უსაფრთხო იქნება. მეორე, ათასწლეულის პროექტი, ანაკლიის პორტი, ჩვენც ხომ არ მოვიაზროთ თავი ამ პროექტში, სადაც მომავალზე გათვლით შეიძლება ამ ფულის დაბანდება", - განაცხადა ლადო კახაძემ.
საპასუხოდ, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ კანონმდებლობით არის შეზღუდვები, მათ შორის პროექტში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც უნდა იყვნენ ჩართულნი და ამასთან, საპენსიო სააგენტოს მხოლოდ ტრანზაქციის 20%-ით შეუძლია მონაწილეობა.
"რაც შეეხება ინვესტირებას პირდაპირ პროექტებში, კანონში შევიდა ცვლილებები 2024 წლის ივლისში, რომელიც ითვალისწინებს, რომ კონსერვატიულ პორტფელსაც შეუძლია პირდაპირი ინვესტირება განახორციელოს მსგავს პროექტებში. თუმცა, კანონივე ითვალისწინებს, რომ ამ პროექტებში უნდა იყვნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ჩვენთან ერთად. ჩვენ შეზღუდული ვართ ტრანზაქციის 20%-ით. რა თქმა უნდა, ასე წინასწარ ვერ ვიტყვით, უნდა გავაანალიზოთ, რამდენად მოგებიანია ჩვენი ბენეფიციარებისთვის ამ პროექტში მონაწილეობა, თუ მოუტანს გრძელვადიან ამონაგებს და ამ ანალიზის საფუძველზე შეიძლება მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. უბრალოდ ამ მიმართულებით უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა", - განაცხადა ანა ნაჭყებიამ.