რესტორნების ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ სარესტორნე ინდუსტრიაში 4 000 კვების ობიექტი დღეისთვის აღარ არსებობს, ხოლო 2000 ობიექტი სრული დატვირთვით მუშაობს.
BM.GE-სთან საუბრისას რესტორატორი იმ პრობლემებს განმარტავს, რომელმაც რესტორნების დახურვა გამოიწვია და ამბობს, რომ რესტორნები კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგანან.
„პანდემიის შემდეგ რესტორნების უმრავლესობამ ამოქმედება რამდენიმე მიზეზის გამო ვერ შეძლეს: ობიექტები, რომელიც იჯარით აღებულ ფართში ოპერირებდნენ, მეიჯარეებთან დაგროვილი გადასახადების გამო, ბიზნეს სუბიექტებმა ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლეს;
მეორე ისაა, რომ სარესტორნე ქსელებმა, ობიექტების რაოდენობა შეამცირეს და შესაბამისად თანამშრომლებიც დაითხოვეს; დღეისთვის კი კვალიფიციური თანამშრომლების მოძიება ჭირს;
ფუნქციონირებისთვის, რესტორანს ფინანსური რესურსები ესაჭიროებათ, რადგან კოვიდის პერიოდში ზეწოლა ბანკებიდან, საგადასახადო კუთხით იყო და ამ ფინანსურ წნეხს ვერ გაუძლეს.
წინა წლებში სარესტორნე ბიზნესში რა მოთხოვნაც იყო ტურისტული სფეროს აქტიურობიდან გამომდინარე, როდესაც 9 მლნ ტურისტი გვყვავდა, თუ იმავე მაჩვენებლებს დავუბრუნდით, მაშინ რესტორნები აღდგენას შეძლებენ, თუმცა დღეს ამ რაოდენობას ვერ მივიღებთ, რადგან რესტორნები არ არსებობს და ინფრასტრუქტურა არის“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
მისივე ინფორმაციით, რესტორნები, რომლებიც დღეს არსებული მოთხოვნის საფუძველზე სრული დატვირთვით მუშაობენ, ასევე გამოწვევების წინაშე დგანან.
„მეორეს მხრივ ტურისტული ნაკადების 2019 წლის მაჩვენებლების 50%-ით აღდგენა პარადოქსულია. ინფრასტრუქტურის კუთხით არსებული პრობლემების გარდა, არსებულ რესტორნებს, რომლებიც დღეს ოპერირებენ, საჭირო რაოდენობით დასაქმებულები არ ჰყავთ. პარადოქსულია, რომ ვაკანსიების რაოდენობა დღეს ძალიან ბევრია, ხოლო უმუშევრობა გაზრდილია. რეალურად კადრები არ არის“, - აცხადებს რესტორატორი.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით რესტორატორთა ასოციაციის თანადამფუძნებელი ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით მიმართავს: „რესტორნების დიდი რაოდენობა ოპერირებას ვერ ახერხებს, რადგან მათ ქორწილების და სხვადასხვა ღონისძიებების გადახდა არ შეუძლიათ. ამ მხრივ ძალიან ბევრი კანონდარღვევაა. გარკვეული ბიზნეს სუბიექტები ქორწილებს და „ივენთებს“ მაინც აწყობენ, რაზეც ყურადღება არ მახვილდება და თვალის დახუჭვა ხდება. ამიტომ გვაქვს ინიციატივა, რომ დაუშვან მინიმუმ 50 კაციანი ღონისძიებების გამართვა, რათა ეს საქმიანობა „გათეთრდეს“ და თუ დამსწრეთა ამაზე მეტი რაოდენობით ჩატარდება ღონისძიება, მაშინ მოხდეს დაჯარიმება.
ეკონომიკის სამინისტროსთან კომუნიკაცია სულ გვაქვს და ოფიციალურად ეკონომიკის სამინისტროს უახლოეს პერიოდში მივმართავთ“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძემ.