კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე არჩევნებში გაყალბების დასადგენად სოციალურ ქსელში რამდენიმე რჩევას წერს:
"1. უნდა შედგეს მონაცემთა ბაზა, რომელშიც ჩაიწერება საქართველოში არსებული ყოველი საარჩევნო უბნის ელექტრონულ სარეგისტრაციო აპარატში წინასწარ ჩატვირთული ამომრჩეველთა სიებიდან: ან მხოლოდ მათი პირადი ნომრები ან მხოლოდ ამომრჩეველთა სახელები და გვარები (ასეთ შემთხვევაში ვერ იტყვიან, რომ დაირღვევა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპი), აგრეთვე ყოველი ამომრჩევლის გასწვრივ უნდა აღინიშნოს მიიღო თუ არა მან მონაწილეობა არჩევნებში.
2. 1-ელ პუნქტში აღნიშნული ყოველი უბნის სია უნდა შეუდარდეს სხვა უბნების სიებს მონაცემთა დუბლირების გამოვლენის მიზნით. ამით დადგინდება, ერთი და იგივე პირი შეყვანილი იყო თუ არა სხვადასხვა უბნის სიებში („მარტივი კარუსელი“).
3. შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა მოვთხოვოთ იმ ამომრჩეველთა პირადი ნომრების ან სახელებისა და გვარების (უმჯობესია პირადი ნომრების) მონაცემთა ბაზის გადმოცემა, რომელთაც დატოვეს საქართველო და 27 ოქტომბრამდე საქართველოში არ დაბრუნებულან. ეს მონაცემები უნდა შეუდარდეს 1-ელ პუნქტში აღნიშნულ მონაცემთა ბაზას იმის დასადგენად, საზღვარგარეთ მყოფი პირები არიან თუ არა იმ პირთა შორის, რომლებზეც აღნიშნულია, რომ მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში საქართველოში არსებულ უბნებში.
4. ყველა უბნის შედეგები, რომლებშიც არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა მეტია უბანში ამომრჩეველთა რაოდენობაზე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან ეს მიუთითებს ბიულეტენების ჩაყრაზე", - წერია ვახტანგ ხმალაძის ფეისბუქ-სტატუსში.
შეგახსენებთ, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს.