საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის მიხედვითაც ისინი დემოკრატიული ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ „ოცნების“ წარმომადგენლებთან მაღალი რანგის შეხვედრებისგან, მანამ ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ დათანხმდება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ერთობლივ განცხადებას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ავრცელებს.
„ჩვენ, ტრანსატლანტიკური კანონმდებლები და ყოფილი წამყვანი გადაწყვეტილების მიმღები პირები პოლიტიკური სპექტრიდან, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყონ არალეგიტიმური ივანიშვილის რეჟიმი. ჩვენ მოვუწოდებთ ერთიანი პოლიტიკის შექმნისკენ, რომლის მიხედვითაც, არ გაიმართება მაღალი რანგის შეხვედრები თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და ამ არალეგიტიმური რეჟიმის წარმომადგენლებს შორის მანამ, ვიდრე ისინი არ დათანხმდებიან ახალ, სათანადო დაკვირვების ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს. დამატებით, ჩვენ მოვუწოდებთ ერთობლივი სანქციების დაწესებისკენ ივანიშვილის რეჟიმისა და "ქართული ოცნების" წარმომადგენლების და იმ პროპაგანდისტების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს ძირს უთხრიან.
ივანიშვილის "ქართული ოცნებამ" აირჩია ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმური წუხილების იგნორირება, შექმნა ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. ისინი ასობით ათასი დემონსტრანტის მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს ბრუტალურად გაუსწორდნენ. ქართველი ხალხი ითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და ჩვენ მათ გვერდით უნდა ვიდგეთ“, - წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს 40-ზე მეტი ყოფილი და მოქმედი პოლიტიკოსი აწერს.
ხელმომწერებს შორის არის კონგრესმენები ჯო უილსონი, რიჩარდ ჰადსონი, სტივ კოენი, მარკ ვიზი. ასევე, ესტონეთის, პოლონეთის, შვედეთის, ლატვიის, ლიეტუვის, იტალიის, ჩეხეთის პარლამენტის წევრები და ევროპარლამენტარები. გარდა ამისა, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხაელ როთი.
ასევე ყოფილი პოლიტიკოსები, მათ შორის საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი, გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი, ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩი, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მაღალჩინოსანი, გარი შმიტი და სხვა.