მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

41 უძრავი ქონება და 800 000 ლარი აზარტული თამაშებიდან - რა წერია ბურჭულაძის საქმეზე აუდიტის დასკვნაში

ჯუანშერ ბურჭულაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც IPN წერს, დღევანდელ სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი ივანე ბედინაშვილი, რომლის დასკვნასაც ბრალდებული ექსმინისტრი გაყალბებულს უწოდებს.

ივანე ბედინაშვილის განმარტებით, აუდიტმა შეისწავლა როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის, ისე მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების (მათ შორის ცოლისძმის, ვასილ მხეიძის) ფინანსური მდგომარეობა 2015 წლიდან დღემდე.

მედიის ცნობით, ბედინაშვილმა სასამართლო პროცესზე განმარტა, რომ 2025 წლის მონაცემებით, ბურჭულაძე და მასთან დაკავშირებული პირები ჯამში 31 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას ფლობდნენ, ხოლო 2024 წლის მდგომარეობით მათ საკუთრებაში 41 ერთეული უძრავი ქონება ფიქსირდებოდა, რომელთაგან მხოლოდ 15 ერთეული იყო მათ მფლობელობაში 2014 წლისთვის.

მოწმის თქმით, უძრავი ქონების რეალიზაციით მიღებულ თანხებს ხარჯებმა 1 მილიონი ლარით გადააჭარბა.

„მათ შორის, აზარტული თამაშებიდან მიღებული თანხა შეადგენდა 800 000-ზე მეტ ლარს. ასევე, 2025 წლის აგვისტოს მონაცემებით, 3 მლნ-ზე ლარზე მეტს შეადგენდა გაწეული თანხები.

უძრავი ქონებით მიღებულმა ხარჯმა რეალიზაციით მიღებულ თანხას გადააჭარბა 1 მილიონი ლარით. ჯამში ხარჯებმა შეადგინა 8 მილიონზე მეტ ლარს. 2015 წლის იანვრიდან 2024 წლის დეკემბრამდე, ბურჭულაძის და მისი ოჯახის მიერ მიღებული თანხები აღემატება 10 მილიონ ლარს“, - განაცხადა ივანე ბედინაშვილს.

ყოფილი მინისტრი წარმოდგენილ დასკვნას კატეგორიულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ აუდიტი ხარჯებსა და შემოსავლებს სხვადასხვა, ერთმანეთთან აცდენილი მეთოდებით ითვლის, რათა სასამართლო შეცდომაში შეიყვანოს.

„ხარჯებს რომ მითვლის, როცა „აიფონი“ ვიყიდე და ბანკში რომ თანხა მაქვს შეტანილი, ამას არ მითვლის, ეს რა სამართალია, ბატონო მოსამართლევ? როცა თანამდებობაზე დავინიშნე, ვფლობდი 9 ბინას, როცა წამოვედი 7-ს. არის თუ არა ეს მითითებული დასკვნაში?“ - მიმართა ბურჭულაძემ მოწმეს.

ბრალდებულის თქმით, გამოძიება მის ხარჯებში არასწორად ატარებს მისი შვილის, დავით ბურჭულაძის შემოსავლებსაც, რომელსაც თანხას სიდედრი ურიცხავდა.

პროკურატურა ჯუანშერ ბურჭულაძეს 1 593 212 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. გამოძიების ვერსიით:

2023 წელს ბურჭულაძემ სამხედრო ჰოსპიტალს აპარატურა რეალურ ღირებულებაზე (2.6 მლნ ლარი) გაცილებით ძვირად, 3.9 მლნ ლარად მიაწოდა, რითაც სახელმწიფოს 1.3 მილიონ ლარზე მეტი ზიანი მიადგა.

2025 წლის მარტში ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ შეიძინეს ქონება. პროკურატურის მტკიცებით, თანხის წარმომავლობის დასამალად მათ წყნეთში მდებარე სახლზე ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

საქმეზე ბრალდებულები არიან ასევე თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: გიორგი ხაინდრავა, ვლადიმერ ღუდუშაური და ვასილ მხეიძე. მათ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვასა და ამ პროცესში დახმარებას ედავებიან.

ბურჭულაძეს დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე, ხოლო სხვა ბრალდებულებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები