დანიური ფარმაკოლოგიური გიგანტის, Novo Nordisk-ის ისტორია გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ერთ უბრალო ადმინისტრაციულ შეცდომას მილიარდი დოლარის ზიანი მოუტანოს კომპანიას. ეს ყველაფერი კი 450 დოლარის გამო დაიწყო, რომლის გადახდა კომპანიას დაავიწყდა.
მოკლედ, 2024 წელს Novo Nordisk-მა დაახლოებით $19 მილიარდი დოლარის მოგება მიიღო თავისი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატის, Ozempic-ის მეშვეობით. ეს წამალი დიაბეტის მკურნალობისთვის და წონაში კლებისთვის გამოიყენება და კომპანიის მთავარი პროდუქცია, თუმცა კომპანიის წლიური ანგარიშის ერთ-ერთ სქოლიოში საინტერესო ინფორმაციაა წერია, კერძოდ, "Ozempic-ის შემთხვევაში კანადაში, მონაცემების დაცვა 2026 წლამდე მოქმედებს". რას ნიშნავს ეს?
ეს ამბავი 2019 წელს იწყება, როცა კანადის საპატენტო სამსახურმა წერილი გაუგზავნა Novo Nordisk-ს, სადაც ეწერა, რომ კომპანიამ დროულად არ გადაიხადა $250 დოლარის წლიური საფასური პატენტის შესანარჩუნებლად. კანადელმა ოფიციალურმა პირებმა შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, რომ შეენარჩუნებინათ პატენტი, თუ ჯამში $450 დოლარს გადაიხდიდნენ ჯარიმის სახით. 2019 წლის 1 მაისის წერილში ნათლად იყო მითითებული, რომ პატენტის ვადის გასვლის შემდეგ, მისი აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა.
ეს გაფრთხილება უგულებელყოფილი იქნა, ანუ პატენტი გაქრა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კანონით დაცული აღარ არის. რა ზიანი მიადგა კომპანიას ამ ქმედებით? - მარტივად რომ ვთქვათ, რამდენიმე მილიარდის, რადგან პატენტის გარეშე, მცირე ზომის კონკურენტებმა იმავე წამლის წარმოება და ბაზარზე ბევრად უფრო იაფად გაყიდვა დაიწყეს, რამაც Novo Nordisk-ს უკვე რამდენიმე მილიარდის ზარალი მოუტანა და რაც ყველაზე უარესია, ამ ზარალის მოცულობა დროსთან ერთად გაიზრდება, რადგან 2026 წლიდან პატენტი სრულად გაქრება და კანადის ბაზარზე Ozempic-ის მიწოდება უკონტროლოდ გაიზრდება.




























