"თანხები რაც გაჟღერდა 481 მილიონი დოლარის ოდენობით ჩემი აზრით არის მხოლოდ ნაწილი და მილიარდი დოლარის ნახატებზე არის საუბარი", - გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ 2025 წლის იანვარში საქართველოში $481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა. ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO გიორგი ბაჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ეს არის მხოლოდ შემცირებული თანხა და სინამდვილეში ივანიშვილმა 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ხელოვნების ნიმუშების კოლექცია საქართველოში გადმოიტანა.
გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ამ ღირებულების ნახატებზე დღგ-ის ქონებისა და სხვა გადასახადები საერთო ჯამში 300-400 მილიონ დოლარსაც აღწევს, რომელიც ივანიშვილმა არ გადაიხადა იმის გამო, რომ პარლამენტმა მასზე მორგებული საგადასახადო შეღავათი მიიღო ე.წ. ოფშორების კანონის სახით.
ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილის ინფორმაციით ნახატების შემოტანა მოხდა დაახლოებით ორი წლის წინ და ის ამ დრომდე ქვეყანაში დროებითი იმპორტის პროცედურის ფარგლებში ინახებოდა, 2025 წლის იანვარში კი დროებითი იმპორტი შეიცვალა იმპორტის პროცედურით და საქონელი იმპორტირებულად აღირიცხა.
"ოფშორების კანონი არის პირდაპირ ივანიშვილისთვის შექმნილი სასათბურე პირობები, რომ მას არ მოუწიოს გადასახადების გადახდა, რომელიც მოუწევდა სხვა შემთხვევაში.
ეს არის პირდაპირ დღგ-ზე, რომელიც მას უნდა გადაეხადა ამ ნახატების შემოტანისას. თავი აარიდა ქონების გადასახადსაც. თანხები რაც გაჟღერდა 481 მილიონი დოლარის ოდენობით ჩემი აზრით არის მხოლოდ ნაწილი და მილიარდი დოლარის ნახატებზე არის საუბარი. დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს არის შემცირებული ღირებულებები, ბევრად დიდ სქემაზე და აფიორაზე იქნება საუბარი. ამ ქონებაზე დღგ-ის, და შემდგომ ქონების გადასახადის სახით მინიმუმ 300-400 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა. მან ამ კანონით თავი აირიდა ამ გადასახადებისგან.
ეს არის უმსხვილესი მასშტაბის კორუფციული გარიგება. მე ვერ ვიხსენებ რომელიმე დიდ კორუფციულ სკანდალს, რომელიც ამგვარი თანხის მითვისების საშუალებას მისცემდა საქართველოში რომელიმე პირს. როდესაც ადამიანი თავის პოლიტიკურ გავლენას იყენებს საკუთარი თავის სასარგებლოდ, ეს არის კორუფცია იმის მიუხედავად ფული გადაიხადა თუ არ გადაიხადა. როდესაც პოლიტიკურ გავლენას იყენებს, რომ მოსამართლეებს მიაღებინოს გადაწყვეტილებები, ეს არის კორუფცია. ეს არის კეთილგანწყობით ვაჭრობა. მნიშვნელობა არ აქვს ფასით ვაჭრობს თუ კეთილგანწყობით ამ მოსამართლეებთან ეს არის კორუმპირებული რეჟიმი.
მე ვიცი, რომ მან შემოიტანა ნახატები და ეს უფრო ადრე შემოტანილი ნახატებია. ეს არის ორი წლის ორწელიწად ნახევრის წინ შემოტანილი რამდენადაც ვიცი. ეს მოხდა დროებითი იმპორტის რეჟიმით რომ არ გადახდილიყო დღგ. ადრეც მსგავსი სქემით მუშაობდა ივანიშვილი და უკვე ახლა მოხდა მათი იმპორტი და მათი დეკლარირება როგორც პირდაპირი იმპორტი და არა დროებითი იმპორტი. შესაბამისად, ეს არის უკვე ბუღალტრული გატარება და “გაპრავება” რომ მას ეს ნახატები აქვს ქვეყანაში და გადასახადები არ გადაუხდია.
როგორ გაატარეს და რა თანხა ჩაწერეს ეს უკვე მისი ნებაა, რასაც იტყოდა იმას ჩაწერდნენ დეკლარაციაში.
მას შეუძლია ნებისმიერი აქტივის გადაცემა მოახდინოს. მაგალითად, ერთი ტანკერი ბენზინი გააფორმოს ოფშორულ კომპანიაზე და შემდეგ ეს მიაწოდოს ქართულ კომპანიას და ეს ნავთობპროდუქტი იქნება ყველა გადასახადისგან თავისუფალი როგორიცაა დღგ, აქციზი თუ შემდეგ რეალიზაციის მოგების გადასახადი. ამის მთელი უფლებები მიანიჭეს ფინანსთა მინისტრს და ფინანსთა მინისტრის ერთი ხელმოწერით შესაძლებელია ქვეყანაში ნებისმიერი აქტივის ისე შემოტანა, რომ არანაირი გადასახადი არ იყოს საჭირო.
ბიძინა ივანიშვილმა ორი წლის წინ ზუსტად იცოდა რასაც აკეთებდა და რისთვისაც ემზადებოდა. თანხებიც ემთხვევა, ქვეყნებიც ემთხვევა", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თავის მხრივ უშუალოდ 481 მილიონი დოლარის, ანუ 1.35 მილიარდი ლარის ხელოვნების ნიმუშების შემოტანა, თუკი იმპორტის დროს გამოყენებული იყო ოფშორების საგადასახადო შეღავათი, ამ ოპერაციის განმახორციელებელ კომპანიას დღგ-ის სახით 242 მილიონი ლარის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულებას გაუუქმებდა.
BMG-იმ ბიძინა ივანიშვილის იურისტს, ლაშა კალანდაძეს მიმართა კითხვით - მოხდა თუ არა ივანიშვილის მიერ ხელოვნების ნიმუშების საქართველოში გადმოტანა და გამოყენებული იყო თუ არა ოფშორების კანონის შეღავათები, რასთან დაკავშირებითაც კალანდაძემ გვიპასუხა, რომ საქმესთან დაკავშირებით ინფორმირებული არაა.