მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოფშორების შესახებ კანონი საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას არ შეესაბამება - ევროკომისია

ევროკავშირი

ევროკომისია ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ეს კანონმდებლობა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან არაა შესაბამისობაში - ამის შესახებ საუბარია გაფართოების შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც კომისია მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონია პროგრესი ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაცემისას განსაზღვრულ 9 დათქმასთან მიმართებით და რომ პირიქით ქვეყანაში მთელი რიგი მიმართულებებით რეგრესი ფიქსირდება. ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ევროკომისია წერს, სწორედ ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანის საგადასახადო შეღავათს შეეხება. ევროკომისიას ამ კანონის საჭიროებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს.

ოფშორების კანონის შესახებ საუბარია მეორე და მერვე დათქმის შესრულების მიმოხილვაში:

მეორე დათქმა: ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;

"საერთო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრის მხრივ ანგარიშის მომზადების პერიოდში საქართველოს თანხვედრა საკმაოდ დაბალ მაჩვენებელზე 49%-ზე შენარჩუნდა, საქართველო კვლავ არ შეუერთდა ევროკავშირის შეზღუდავ ზომებს რუსეთთან, ბელარუსთან და ირანთან დაკავშირებით და დამატებით გაზარდა პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთის სხვადასხვა ქალაქთან. საქართველო აგრძელებდა სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ევროკავშირთან თანამშრომლობას, თუმცა ამავდროულად ხელისუფლებამ მიიღო ახალი კანონი, რომელიც ოფშორული აქტივების საქართველოში დაუბეგრავ გადმოტანას უზრუნველყოფს", - ნათქვამია დოკუმენტში.

მერვე დათქმა დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

"პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი დეოლიგარქიზაციის კანონს, რომელიც პიროვნულ მიდგომას ითვალისწინებდა, მთავრობამ კი 2023 წლის ნოემბერში დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღო. გეგმა აგებულია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე „სისტემურ“ მიდგომასთან დაკავშირებით. გეგმაში არაა რეგულარული საკონსულტაციო მექანიზმი ყველა საპარლამენტო პარტიასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. საქმიანობისა და მისი დროის გადანაწილება არის ძალიან ზოგადი.

2024 წლის აპრილში მიღებული ცვლილებები ოფშორებიდან საქართველოში აქტივების გადასახადის გარეშე გადმოტანის შესახებ არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას", - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, 25 ოქტომბერს ტელეკომპანია "პირველთან" ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა CEO-მ გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ოფშორული ზონებიდან აქტივების შემოტანის საგადასახდო შეღავათების მიზანს წარმოადგენს ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების 1-მილიარდიანი კოლექციის ისე გადმოტანა, რომ მასზე ოლიგარქმა გადასახადები არ გადაიხადოს. გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების შემოტანის დღგ-ის გადასახადი 180 მილიონი დოლარი იქნებოდა, რაც ივანიშვილს ბიუჯეტში უნდა გადაეხადა, თუმცა ამ გადასახადის გამო ბიუჯეტი 0 ლარს მიიღებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები