რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და რუსეთის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილის სერგეი ალექსაშენკოს აზრით, დაახლოებით, 5-6 თვეში რუსეთში საწარმოები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურებიან.
ასე უპასუხა რადიო „მაესტროსთან“ ინტერვიუში რუსმა ეკონომისტმა ჟურნალისტის კითხვას - აქვს თუ არა რუსეთს რაიმე სახის ბერკეტი, რითაც სანქციების სიმძიმის შემსუბუქება იქნება შესაძლებელი.
„<ასეთი ბერკეტი> არ აქვს. მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ რუსეთის ეკონომიკა მდგრადი, მაგრამ არაეფექტიანია. თანამედროვე გლობალურ სამყაროში რუსეთი არის ნედლეულის მიმწოდებელი ქვეყანა, რაც ექსპორტის 85%-ს შეადგენს - ესაა ყველაფერი, რასაც ჩვენ ბუნება გვაძლევს: გაზი, ნავთობი, ნავთობპრუდუქტები, სასუქები, ლითონები, მარცვეულობა ანუ ის, რასაც ადამიანური რესურსი და კაპიტალი არ სჭირდება, მაგრამ ამ პროდუქტებიდან მრავალი სახეობის წარმოებისთვის რუსეთი ყიდულობს საიმპორტო დანადგარებს, ტექნოლოგიებს, საიმპორტო კომპლექტებს.
რუსეთის ხელისუფლებისგან ხშირად გვესმის, რომ რუსეთში წარმოებული ავტომობილების 80% წარმოადგენს რუსულს, კი ბატონო, მაგრამ ეს ავტომობილები იმპორტირებული მასალებით იწყობა. რუსეთში წარმოებული ავტომობილების 50-60% იმპორტირებული მასალებისგან შედგება, მაგალითად, ავტომობილის ბირთვი ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი ე.წ. შიგთავსი იმპორტირებულია. აქედან გამომდინარე, ყველაფრის ჩანაცვლება შეუძლებელია. ამ თვალსაზრისით რუსეთი სრულად იმპორტზეა დამოკიდებული.
ვფიქრობ, დაახლოებით, 5-6 თვეში, ჩვენ ყველანი განსაცვიფრებელ შედეგებს ვნახავთ ამ იმპორტდამოკიდებულების გამო - საწარმოები ერთმანეთის მიყოლებით დაიხურებიან. მათ შორის ის საწარმოები, რომლის მფლობელები რუსი ბიზნესმენები, რუსული კომპანიები არიან, რადგან მათ არ ექნებათ პატარა წვრილმანი, რომლის ღირებულება შეიძლება იყოს სულ რაღაც $10, მაგრამ ამ წვრილმანის, ამ დეტალის გარეშე ვერ აწარმოებენ $1000 ღირებულების პროდუქციას“, - აცხადებს რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე.




























