2025 წლის 5 თვეში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით 1 მილიარდ 399 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 1.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
იანვარ-მაისში საქართველოში 3 303 800 გზავნილი გადმოირიცხა, მაშინ როდესაც 2024 წლის 5 თვეში 3 325 600 გადმორიცხვა შესრულდა.
ფულადი გზავნილების მოცულობით მცირედით ზრდა, ძირითადად რუსეთიდან შემომავალი ნაკადების 35.1%-იანი კლებით არის განპირობებული. 5 თვეში საქართველოში სწორედ ამდენით ნაკლები თანხა შემოვიდა რუსეთიდან, მაშინ როდესაც მაგალითისთვის აშშ-დან 20%-ით, ხოლო იტალიიდან - 6%-ით, გერმანიიდან - 18.7%-ით, საბერძნეთიდან კი 9.2%-ით გაიზარდა.
თუ გადმორიცხული თანხის მოცულობით ქვეყნების რეიტინგში აშშ ლიდერობს, რაოდენობრივად ყველაზე მეტი გზავნილი კი იტალიიდანაა შემოსული, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-დან ტრანზაქციები უფრო მოცულობითი იყო.
5 თვეში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასეთია:
- აშშ - $262.8 მლნ, 579 300 გზავნილი;
- იტალია - $244 მლნ; 732 800 გზავნილი
- რუსეთი - $177.1 მლნ; 556 900 გზავნილი
- გერმანია - $115.9 მლნ; 209 200 გზავნილი
- საბერძნეთი - $112.6 მლნ; 418 600 გზავნილი
იანვარ-მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი ქვეყანაში საგადახდო სისტემა Ria-თი შემოვიდა, რამაც 340 მილიონ 827 ათასი დოლარი შეადგინა, მეორე ადგილს იკავებს Western Union – 314 მილიონ 408 ათასი დოლარით, Money Gramy მესამე ადგილს 274 მილიონ 309 ათასი დოლარით, მეოთხეს - Zolotaia Korona 272 მილიონ 369 ათასი დოლარით, ხოლო მეხუთე ადგილას Intel Express 166 მილიონ 804 ათასი დოლარითაა.



























