Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მაისში ტურიზმის შემოსავლები 2.1%-ით 1.5 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
საინვესტიციო ბანკში აღნიშნავენ, რომ მარტ-აპრილში ტურიზმში შემოსავლების კლების შემდეგ მაისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.5%-ით 380 მლნ დოლარამდე გაიზარდა. მარტი-აპრილის შემცირება კი ახლო აღმოსავლეთიდან ტურისტული ნაკადების შემცირებით იყო გამოწვეული.
Galt & Taggart-ის პროგნოზით, წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ დოლარამდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ ირანის ომის გამო, Galt & Taggart-მა 2026 წლის ტურიზმის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 100 მლნ-ით 4.9 მლრდ დოლარამდე შეამცირა.
2025 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4.69 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, 6%-ით მეტი, ვიდრე 2024 წელს. შარშანაც საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი რუსეთიდან მიიღო 694 მლნ დოლარი, 2024 წელთან შედარებით კლება 18%-ია. მეორე ადგილზეა თურქეთი 606 მლნ დოლარით, წლიურ ჭრილში კლება 1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის ისრაელი 586.3 მლნ დოლარით, 2024 წელთან შედარებით ზრდა 34%-ია, მეოთხე ადგილზეა აზერბაიჯანი 223 მლნ დოლარით, წლიური ზრდა შემოსავლებში 33%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილს სომხეთი იკავებს, საიდანაც შარშან საქართველომ 169.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, წლიური ზრდა 8%-ს შეადგენს.




























