მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

5G და საქართველო - ქვეყანა Clean Network-ის წევრი გახდა - რა იცვლება?

6001b0ee32373
სალომე მეცხვარიშვილი
15.01.21 19:11
1544
აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერით, საქართველო Clean Network-ის ინიციატივას შეუერთდა, რაც უპირველესად ნიშნავს 5G-ის ქსელის დანერგვისას ისეთი აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას, რომელშიც საიმედოდ იქნება დაცული მოქალაქეთა პერსონალური მონაცემები. სისტემაში მინიმუმამდე იქნება დაყვანილი უკანონო წვდომა უდიდესი მოცულობის მათ შორის სახელმწიფო და ბიზნეს ინფორმაციაზე, რომ მონაცემები სხვა ქვეყნების თუ არაკეთილსაიმედო ორგანიზაციების ხელში არ მოხვდეს. მოკლედ, საუბარი არც მეტი არც ნაკლები - ეროვნულ უსაფრთხოებაზეა.

Clean Network-ის ინიციატივას საფუძველი აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩაუყარა. ეს მას შემდეგ, რაც ამერიკის პირველმა პირმა ღიად თქვა, რომ ჩინური გიგანტები ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობენ და მათ უკანონოდ აწვდიან ინფორმაციას. ჩინური მწარმოებლები უკვე დიდი ხანია მოექცნენ აშშ-ის სანქციების ქვეშ, თუმცა, შტატები აქ არ გაჩერებულა და მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ე.წ. სუფთა ინტერნეტის სისტემის აწყობას აპირებს. მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა სეთური აცხადებს, რომ Clean Network-თან შეერთება არის განაცხადი, რომ კომპანიები თუ ქვეყნები, მზად არიან ისეთი მოწყობილობები დაამონტაჟონ, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ ინფორმაციას სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს არ გადასცემენ.

“ეს ინიციატივა აძლევს საშუალებას ყველას და პირველ რიგში ბაზრის მოთამაშეებს თავი დაიცვან, შეურთდნენ ამ ინიციატივას და თქვან, რომ ისინი არიან გამჭვირვალე, ისინი არ აპირებენ არამართლზომიერად ითანამშრომლონ რომელიმე ორგანიზაციასთან თუ ქვეყანასთან და გადასცენ ინფორმაცია. რაც მთავარია, გააკონტროლონ, რომ მათ მიერ შეძენილი მოწყობილობები, ისე რომ თვითონაც ვერ აკონტროლობენ, არ აგზავნიან ინფორმაციას სხვასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებში”,- აცხადებს სეთური.

ის თავად ინფორმაციის გადაცემის პროცესზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს და ზოგადად ინტერნეტის მიმართ ნდობას ზრდის.

“როდესაც მოხდება ინფორმაციის შეგროვება 5G-ს მეშვეობით, ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით, ქლაუდებზე დაილექება ეს ინფორმაცია და მოხდება მისი გადაცემა ტრანსატლანტიკური კაბელების მეშვეობით - ეს ინფორმაცია უნდა იყოს გატარებული იმგვარად, რომ გამოირიცხოს ამ ინფორმაციის გადინება და არამართლზომიერი გამოყენება, რადგან ეს ამცირებს ნდობას და ნდობა არის მთავარი, რაზეც დგას ინტერნეტის თავისუფლება. ამას უნდა დავუკავშიროთ კიბერუსაფრთხოებაც და პერსონალურ მონაცემთა დაცვაც”,- აცხადებს უჩა სეთური.

Clean Network-ის წევრობა საქართველოს ვალდებულებებსაც აკისრებს, რომელთა შესრულებაშიც შტატები ფინანსურ დახმარებას დაგვპირდა. ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოში მოქმედ კერძო კომპანიებს მოუწევთ მაგალითად ჩინური კომპანიებისგან შეძენილი ინფრასტრუქტურა ჩაანაცვლონ? რისი შეცვლა მოუწევს ქვეყანას? ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიუხედავად მემორანდუმის წევრობისა, თითოეული ქვეყანა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას - რა სტანდარტები დააწესოს აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში. თუმცა, ამაზე მსჯელობა, როგორც ჩანს, მოგვიანებით მოხდება.

“როდესაც ვისაუბრებთ 5G-ის ქსელის მშენებლობაზე, მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომოპერატორებმა და ყველა დაინტერესებულმა პირმა, მათ შორის ინვესტორებმა გაითვალისწინონ, რომ ქსელური აპარატურის შეფასება და შერჩევა გააკეთონ ქვეყნის უსაფრთხოებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, მათ შორის ჩვენი მოსახლეობის პირადი მონაცემების დაცულობისთვის. ქვეყნები ინდივიდუალურად მიიღებენ გადაწყვეტილებებს”,- აცხადებს ეკონომიკის სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე.

ცვლილებები საქართველოში 5G-ის დანერგვის პარალელურად უნდა განხორციელდეს, რაზეც ქვეყანას მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, რომ უახლოეს მომავალში 5G ქსელისა და მომსახურებისთვის საჭირო სიხშირული რესურსის გასაცემად აუქციონი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც კომისია კომპანიებისთვის იმ ვალდებულებების ნუსხას განსაზღვრავს, რაც 5G ინტერნეტის დასანერგადაა საჭირო, კომპანიები კი ინფრასტრუქტურის გამართვას დაიწყებენ. დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ხელშესახები შედეგი საქართველოში 5G-ს დანერგვასთან დაკავშირებით 2025 წლისთვის იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები