ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის და დასავლეთთან მზარდი იზოლაციის ფონზე არსებული ეკონომიკური რისკების მიუხედავად, "ქართული ოცნების" მთავრობას პოზიტიური მოლოდინები აქვს.
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ "გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონის, ევროპის და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის“.
"ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ "ერთ-ერთი პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება იქნება".
ერთპარტიული პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2025 წლის ბიუჯეტის თანახმად, მომდევნო წელს მთავრობის ხარჯები 27.9 მილიარდ ლარზეა დაგეგმილი. ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები კი ასეთია:
ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 6%-ის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ბიუჯეტში 5.5%-იანი ზრდა ჩაიდო, თუმცა საბოლოოდ გაზრდილი მაჩვენებელი დამტკიცდა.
საშუალო ინფლაციის პროგნოზი 1%-ს შეადგენს, რაც ეროვნული ბანკის მიზნობრივ, 3%-იან ნიშნულზე ნაკლებია.
ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 99,2 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 700 დოლარს აჭარბებს.