ყაზახეთის აქთაუს პორტიდან „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენით 2024 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 830 ათას ტონაზე მეტი ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება მოხდა. ინფორმაციას Trend ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზტრანსოილზე“ დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ყაზახეთის მილსადენის ოპერატორია.
„2024 წლის იანვარ-ივლისში აქთაუს პორტიდან „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მიმართულებით „ყაზტრანსოილმა“ 837 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება შეძლო“, - აცხადებს წყარო.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მხოლოდ ივლისში „ყაზტრანსოილმა“ პორტიდან 136 ათასი ტონა ყაზახური ნავთობი გაგზავნა. გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, აგვისტოში ამავე მილსადენით 120 ათასი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება იგეგმება.
მანამდე კომპანიაში Trend-ს განუცხადეს, რომ მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობებში 2024 წელს რაიმე ცვლილებები არ იგეგმებოდა:
„წლის განმავლობაში აქთაუდან „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენით 1.5 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდება. „ყაზტრანსოილი“ ტრანსპორტირებას გეგმის მიხედვით ახორციელებს, რომელსაც კომპანიის განაცხადის საფუძველზე ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო ამტკიცებს“, - განმარტეს კომპანიაში.
2023 წელს აქთაუს პორტიდან ტანკერებით ნავთობის გადაზიდვებმა ჯამურად 3.376 მილიონი ტონა შეადგინა, აქედან 1.057 მილიონი ტონა „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენით ტრანსპორტირდა. 2023 წელს „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენმა 1.392 მილიონი ტონა ნავთობი გაატარა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 5.5-ჯერ აღემატება.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ტრანსკასპიური დერეფნით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის შესახებ ბრძანება გასცა. შესაბამისად, სს NC KazMunayGas-მა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) შეთანხმება გააფორმეს, რომელიც თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მიმართულებით წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს.
გარდა ამისა, 11-12 მარტს ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს KazMunayGas-მა და SOCAR-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობის გაზრდის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რაც წლიური მოცულობების 2,2 მილიონ ტონამდე გაზრდას ითვალისწინებს.