მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

6 თვეში რუსეთიდან იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი კი შემცირდა - რით ვვაჭრობთ?

ვაჭრობა

იანვარ-ივნისში საქართველო რუსეთის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 7%-ით 1 მილიარდ 282 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ჩრდილოეთიდან მოსაზღვრე ქვეყანა უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს და მთლიანი ვაჭრობიდან რუსეთზე 10.7% მოდის.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყნებს შორის მიმდინარე წლის პირველ ნახევარში იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი კი მცირედ, თუმცა მაინც შემცირებულია. სავაჭრო სალდო საქართველოსთვის უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს, რომ იმპორტი ექსპორტს აღემატება.

იანვარ-ივნისში საქართველომ რუსეთიდან ჯამში 950 მილიონ 538 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც წლიურად 10.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. იმპორტის ზრდა უმსხვილესი იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფების გადმოზიდვების მატებამ განაპირობა. უნდა აღინიშნოს, რომ წელს იმპორტირებული პროდუქტის TOP-5-ეულში ახალი დასახელების საქონელსაც ვხვდებით. რეიტინგი კი ასეთია:

  1. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $284.5 მლნ, 409 171 ტონა;
  2. ნავთობის აირები - $128 მლნ, 476 248 ტონა;
  3. ხორბალი და მესლინი - $32.2 მლნ, 117 909 ტონა;
  4. ტემპერატურული ცვლილებებით მასალების დასამუშავებელი მანქანები - $24.2 მლნ, 4 397 ტონა;
  5. ფოლადის ნახშირბადიანი ნახევარფაბრიკატები - $21.7 მლნ, 45 514 ტონა;

რაც შეეხება ექსპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში საქონლის გადაზიდვებმა მცირედით იკლო, რაც ძირითადად ქართული ღვინის გაყიდვების შემცირებას უკავშირდება. იანვარ-ივნისში რუსეთში ექსპორტით ქვეყანამ 332.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 2%-ით ჩამორჩება. ამგვარად, რუსეთმა უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების შემდეგ, სადაც ექსპორტი ძირითადად ავტომობილების რეექსპორტით არის გაზრდილი, 10.3%-იანი წილით მეოთხე ადგილი დაიკავა.

როგორც აღვნიშნეთ საქართველოდან რუსეთში ღვინოების და სპირტიანი სასმელების ექსპორტი შემცირდა. ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $72 მლნ, 26 515 200 ლიტრი;
  2. სპირტიანი სასმელები - $65 მლნ, 16 731 900 ლიტრი;
  3. მინერალური და მტკნარი წყლები - $41.7 მლნ, 77 382 000 ლიტრი;
  4. ახალი ნაყოფები - $28 მლნ, 4 080 ტონა;
  5. შაქრიანი მინერალური და გაზიანი წყლები - $27 მლნ, 31 180 000 ლიტრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები