მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

60-ზე მეტი უცხოელი პროფესორი მთავრობას უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის გადახედვისკენ მოუწოდებს

უმაღლესი განათლება

65 უცხოელი პროფესორი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გადახედოს უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციას.

როგორც "ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის სახელზე მომზადებულ წერილშია აღნიშნული, შემოთავაზებული კონცეფცია პრობლემებს ვერ გადაჭრის და საზიანო იქნება.

"საქართველოს უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციის გადახედვისკენ მოწოდება

პრემიერ მინისტრ ირაკლი კობახიძეს:

16 ოქტომბერს თქვენ გამოაცხადეთ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია, რომელიც შვიდ ძირითად კომპონენტს მოიცავს. ამ დოკუმენტსა და თქვენს გამოსვლაში თქვენ და თქვენი მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებთ, რომ უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია გააუმჯობესებს ეფექტიანობასა და ხარისხს საქართველოს უმაღლეს განათლებაში და ხელს შეუწყობს სტუდენტებისთვის თანაბარ ხელმისაწვდომობას. ჩვენ ვეთანხმებით, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობს პრობლემები: უნივერსიტეტები და ინსტიტუტები არასაკმარისად ფინანსდება (2025 წელს საქართველოს მთავრობის ხარჯები უმაღლეს განათლებაზე მშპ-ის 0.3%-ს შეადგენდა); აკადემიური პერსონალი დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობს და ოჯახების რჩენისთვის ორ–სამ სამსახურშია დასაქმებული; სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კვლევები და სამეცნიერო ლაბორატორიები პრაქტიკულად აღარ არსებობს; ხოლო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმუშევრობა ყოველწლიურად იწვევს მასშტაბურ ემიგრაციას საზღვარგარეთ.

უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფციაში თქვენ მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები ამ პრობლემებიდან არც ერთს არ გადაწყვეტს. პირიქით, ისინი გაზრდის მთავრობის კონტროლს უმაღლესი განათლების სექტორზე. მართვა გადაეცემა რექტორებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც დამოკიდებული იქნებიან ხელისუფლებაზე. უნივერსიტეტების ავტონომია და, შესაბამისად, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გეგმების მიმართ პროფესორ-მასწავლებლების კონტროლი მნიშვნელოვნად შესუსტდება. უნივერსიტეტების ბიუჯეტები კიდევ უფრო შემცირდება, ხოლო რეორგანიზაციის ფარგლებში განსხვავებული აზრის მქონე აკადემიური პერსონალის ჩამოშორება გამარტივდება. „რეფორმა“ დახურავს საქართველოში დარჩენილ უკანასკნელ სივრცეს, რომელიც ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის არის ღია. ეფექტიანად მოქმედი უნივერსიტეტების სისტემა, რომელიც მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, თვითმმართველობას, აკადემიურ თავისუფლებას, სათანადოდ დაფინანსებულ კვლევით შესაძლებლობებსა და საერთაშორისო გაცვლებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ეკონომიკის ზრდისთვის. უნივერსიტეტების გარეშე, სადაც ინფორმაცია თავისუფლად ვრცელდება და კვლევა თავისუფლად ტარდება, საქართველოს ეკონომიკა ვერ განვითარდება.

ჩვენ ვართ საერთაშორისო მკვლევრები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. შეშფოთებულნი ვართ თქვენი მთავრობის მიერ განხორციელებული სხვა ღონისძიებებითაც, რომლებმაც გამოიწვია აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დაპატიმრება საკუთარი უფლებების მშვიდობიანი დაცვის გამო. თქვენ მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია არა მხოლოდ გააბათილებს საქართველოს დემოკრატიულ პროგრესს, არამედ შეზღუდავს იმ მოქალაქეთა პერსპექტივებს, რომელთა წარმომადგენლადაც თქვენ ხართ არჩეული. უმაღლესი განათლება სახელმწიფოს აძლევს აქტიურ მოქალაქეებსა და პროფესიონალებს, რომლებიც დასაქმებულ ადამიანებთან ერთად უზრუნველყოფენ ქვეყნის გადარჩენასა და კეთილდღეობას მზარდად კონკურენტულ გლობალურ წესრიგში.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, გადახედოს ამ განათლებისთვის საზიანო წინადადებას და ითანამშრომლოს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეალურ დიალოგში, რათა შეიქმნას ნამდვილი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეთა და მათი შვილების ცხოვრებას",- აღნიშნულია წერილში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები