ჩინური საფინანსო კომპანია Zhongzhi ოფიციალურად გაკოტრდა. კომპანია გადახდისუუნაროა და მას ვალდებულებების მომსახურება აღარ შეუძლია, მის მიერ ნაკისრი ვალის მოცულობა კი 65 მილიარდ დოლარს აღწევს.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ვალის დრამატული ზრდა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Zhongzhi-ს პორტფელის უდიდესი ნაწილი ჩინური უძრავი ქონებისგან შედგება, თავად ეს სექტორი კი ამჟამად კოლაფსის პირასაა.
Zhongzhi-ს დაღმასვლა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ წლების განმავლობაში ის კრედიტებს ისეთ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებზე გასცემდა, რომელთაც არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ და მათთან ურთიერთობას ტრადიციული ბანკები ერიდებოდნენ, თუმცა Zhongzhi-ს ხელმძღვანელობა მაღალი საპროცენტო სარგებლის გამო დიდ რისკზე მიდიოდა, რამაც საბოლოოდ კომპანია ამ მდგომარეობამდე მიიყვანა.
კომპანიის წინააღმდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას ბრალად ედება საფინანსო საქმიანობასთან დაკავშირებით ქვეყნის კანონმდებლობის უხეში დარღვევა და საბანკო მომსახურების უნებართვოდ გაწევა. საქმე ისაა, რომ საერთაშორისო ექსპერტები Zhongzhi-ს ჩრდილოვან ბანკს უწოდებენ, ანუ ორგანიზაციას, რომელიც კრედიტებს გასცემს, თუმცა ბანკად ოფიციალურად არ არის რეგისტრირებული და ამით უკანონო საქმიანობაშია ჩართული.
ჩინეთის მასშტაბით ჩრდილოვანი ბანკების სერიოზული პრობლემა არსებობს, რასაც ის ფაქტი განაპირობებს, რომ ფაქტობრივად ყველა მსხვილი ბანკი სახელმწიფო საკუთრებაშია და ამ ბაზარზე შესვლა რეგულაციებისა და ბიუროკრატიული ბარიერების გამო საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, Zhongzhi-ს მსგავსი კომპანიები რისკზე მიდიან და საბანკო საქმიანობას ულიცენზიოდ ეწევიან, უმეტესწილად, საინვესტიციო ფონდის სახელით.
Zhongzhi-ს გაკოტრებამ, შესაძლოა, ჩინეთში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს და ამ ამბავმა სხვა კომპანიების კოლაფსიც გამოიწვიოს.