„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის“ მოთხოვნებს ამ დროისთვის 66 სამრეწველო საწარმოდან მხოლოდ 15-მდე აკმაყოფილებს. 2021 წლის 1 ივნისიდან საწარმოები, რომელთა საქმიანობა ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევას უკავშირდება, ვალდებული არიან დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან სპეციალური მოწყობილობით ონლაინ რეჟიმში მიაწოდონ ინფორმაცია სამინისტროს ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევის ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ.
როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, bm.ge-სთან აცხადებს, სამინისტროსთან შეთანხმებული გეგმების მიხედვით, დანარჩენმა საწარმოებმა კანონის მოთხოვნების დაკმაყოფილება, კანონის ძალაში შესვლიდან 2 წლის თავზე, მომავალი წლის გაზაფხულის ბოლომდე უნდა უზრუნველყონ.
„როდესაც ეს რეგულაციები შემოვიტანეთ და საწარმოებს ონლაინ მონიტორინგის სისტემების დაყენება დავავალეთ, ამან პირდაპირპროპორციულად გამოიწვია, რომ საწარმოებს სრული ტექნოლოგიური პროცესის გადაიარაღება მოუწიათ. ახალი დანადგარების შეძენა, რადგან თუ საწარმო ფილტრაციის სისტემის არ განათავსებს, მის მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებები იქნება უფრო მეტი, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებს, რადგან ფილტრები აკავებს მავნე ნივთიერებების გაფრქვევას ჰაერში.
ვსაუბრობთ დაახლოებით 66 მოქმედ საწარმოზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რომლებიც მაღალი რისკის საწარმოებია, რადგან მათი საქმიანობა უკავშირდება ჰაერის დაბინძურებას. დღეს უკვე 15-მდე საწარმო არის ონლაინ მონიტორინგის სისტემაში ჩართული, 11 საწარმოს უკვე შეძენილი აქვს ონლაინ მონიტორინიგის სისტემები და მიმდინარეობს განთავსება, ხოლო დანარჩენი საწარმოებისთვის შედგენილი გაქვს კონკრეტული გეგმები და გაზაფხულის პერიოდის დასრულებამდე გაწერილი აქვთ გეგმები, რის საფუძველზეც ონლაინ მონიტორინგის სისტემები უნდა განათავსონ“,-აცხადებს ნინო თანდილაშვილი.
ამავე თემაზე: გარემოსდაცვითი რეგულაციის შეუსრულებლობისთვის 60-მდე საწარმო დააჯარიმეს