მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

7 თვეა, საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება არ დადებულა

ბირჟა

უკვე მეშვიდე თვეა, საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება არ დადებულა.

ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, 2025 წლის სექტემბრიდან მოყოლებული ელექტროენერგიის ბაზარზე ტრანზაქციები არ ფიქსირდება.

აღსანიშნავია, რომ ზამთარში, გაზრდილი მოხმარების პირობებში, ქვეყანა ელექტროენერგიის იმპორტზეა დამოკიდებული, რადგან ადგილობრივი ჰიდროგენერაცია მცირდება. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 29.8 მლნ დოლარის ელექტროენერგია იყიდა, რაც წლის ჭრილში 50.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე 129,753.8 მგვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრეს. ბირჟის წლიური ანგარიშის თანახმად, ეს მოცულობა 2024 წელს ნავაჭრს თითქმის 7.5-ჯერ აღემატება. ამასთან, მყიდველებმა 2025 წელს თითქმის 2,265,000 ლარი დაზოგეს, რაც 2024 წლის მონაცემს, 400,000 ლარს, 5.5-ჯერ აღემატება.

ანგარიშის მიხედვით, იმას, რომ 2024 წელთან შედარებით ზრდის მიუხედავად, ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა კვლავ მცირეა ბაზრის გარდამავალი მოდელის სპეციფიკა განაპირობებს.

"2024 წლის მეორე ნახევართან შედარებით, 2025 წლის მეორე ნახევარში ვაჭრობა ორჯერ გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა კვლავ მცირეა. ამის უმთავრეს მიზეზად კვლავ რჩება ბაზრის გარდამავალ მოდელში ყოველთვიური დაბალანსების არსებობა. საბითუმო ბაზრის მონაწილეებს აქვთ თვის ჭრილში პოზიციის დაბალანსების (გაყიდული და იგივე პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებული რაოდენობის გათანაბრების) ვალდებულება, რაც არ ქმნის მოთხოვნას უფრო მოკლევადიან სავაჭრო პროდუქტებზე, პოზიციის დაბალანსების მიზნით.

გარდა ბაზრის გარდამავალი მოდელის სპეციფიკისა, რომელიც თანაბრად ეხება როგორც მყიდველებს, ისე გამყიდველებს, მხარეების მონაწილეობა დამატებითი სპეციფიკებით ხასიათდება. უმეტესწილად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ბირჟაზე იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მისი მიწოდება. მიუხედავად ამისა, ბირჟაზე დაფიქსირებული ფასები ყოველთვის იყო უფრო დაბალი, ვიდრე საბალანსო ელექტროენერგიის ფასი. აღნიშნული მიუთითებს ელექტროენერგიის მყიდველების უფრო ფრთხილ სავაჭრო სტრატეგიაზე", - აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, საქართველოში ელექტროენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის 1 ივლისს ამოქმედდა და გარდამავალი მოდელით მუშაობს. ბოლო გადავადებით, ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ ამჯერად 2027 წლამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები