ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 1951 წლის შემდეგ, ტემპერატურა 0-ს ქვემოთ ყველაზე ხანგრძლივი დროით მიმდინარე კვირაში დაფიქსირდა. სიცივის ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა და ტემპერატურა ისტორიულ მინიმუმამდე კიდევ ერთხელ დაეცა - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებში რეკორდული სიცივე გასული კვირის შემდეგ ფიქსირდება, ზოგიერთ რეგიონში კი ტემპერატურა - 40 გრადუსს ცელსიუსს უდრის. ადგილობრივი მეტეოროლოგიური სადგურების ცნობით, 11 დეკემბრის შემდეგ 0-ს ქვემოთ ტემპერატურა ზედიზედ 300 საათის განმავლობაში გაგრძელდა, რაც 1951 წლის რეკორდს მნიშვნელოვნად აღემატება. ამავე პერიოდში, ადგილობრივი მედიის ცნობით, პეკინში -10 გრადუსი ზედიზედ 9 დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.
შესაბამისად, ჩინეთის პროვინცია ჰენანის მოსახლეობა სახელმწიფოსგან გამათბობლებით მომარაგებას ელოდება, თერმული პროდუქციის მიმწოდებელი კომპანია კი მიწოდების უზრუნველყოფას ცდილობს.
ამინდის პროგნოზის თანახმად, ტემპერატურა ნულს ქვემოთ მიმდინარე კვირასაც დაეცემა და ზოგიერთ რეგიონში -15 გრადუსსაც მიაღწევს. თუმცა ჩინეთის ცენტრალური პროვინციების მეტეოროლოგიური სადგურები მომდევნო კვირიდან ჰაერის ტემპერატურის დათბობას პროგნოზირებენ. ზოგ რეგიონში კი +10 გრადუსია ნავარაუდები.