მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

700-მდე მომხმარებელი და 60-ზე მეტი წვეულება — როგორი შედეგები აქვს clubnparty-ის?

clubnparty

ღამის ცხოვრების კუთხით, თბილისი ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია მსოფლიოში, რაც დასტურდება, როგორც დედაქალაქში არსებული მრავალფეროვანი კლუბების რაოდენობით, ასევე ხარისხით, რომელსაც არაერთი საერთაშორისო გამოცემა აღიარებს.

ცოტა ხნის წინ, საქართველოში ახალი აპლიკაცია — clubnparty გამოჩნდა, რომლის მიზანი გართობის მაძიებელი ადამიანების წვეულებების ორგანიზატორებთან დაკავშირებაა. თუმცა ბილეთების გაყიდვის ტრადიციული პლატფორმებისგან განსხვავებით, clubnparty სახლის წვეულებების გაციფრულებას გეგმავს. როგორც clubnparty-ის თანადამფუძნებელმა, შიო ხეცურიანმა TECH INFORM-ში განაცხადა, ამ დრომდე, აპლიკაციას 700-მდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებიც პლატფორმაზე განთავსებულ 60-ზე მეტ წვეულებას დაესწრნენ.

“ამ დროისთვის, 700-მდე აქტიური მომხმარებელი გვყავს. მომხმარებელთა რაოდენობის მატებასთან ერთად, იმატებს clubnparty-ში განთავსებული წვეულებების რაოდენობა. ამ შაბათ-კვირას აპლიკაციაში ცხრა წვეულება განთავსდა და ახლა დამატებით წვეულებებს ველოდებით, რომლებიც, აპლიკაციაში, როგორც წესი, ოთხშაბათის და ხუთშაბათის პერიოდში ქვეყნდება. თბილისში მცხოვრებმა რამდენიმე ადამიანმა clubnparty-ის შესახებ უკვე მითხრა, რაც გვახარებს. თბილისში ვიწყებთ, მაგრამ მოგვიანებით სტარტაპის გატანას ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ვგეგმავთ.

სახელიდან გამომდინარე, აპლიკაცია გართობაზე არის ორიენტირებული. clubnparty-ზე შეიძლება იპოვოთ, როგორც დღის განმავლობაში გასამართი აუზის წვეულება, ასევე ღამით გასამართი შეკრებები. შედეგად, ამ აპლიკაციით მხოლოდ კონკრეტულ ნიშს ვიკავებთ და სხვა ტიპის ღონისძიებებს არ ვმართავთ. clubnparty-ის ერთ-ერთი განმასხვავებელი ისაა, რომ აპლიკაციის სამიზნე აუდიტორია წინასწარ არის შერჩეული და ისეთ ადამიანებს მოიცავს, რომელთაც გართობა იმავე საღამოს ან მეორე დღეს სურთ”, - განაცხადა შიო ხეცურიანმა TECH INFORM-ში.

როგორც clubnparty-ის თანადამფუძნებელმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში განაცხადა, ამ დროისთვის iOS-ის სისტემაზე აპლიკაციის ბეტა ვერსიაა გაშვებული. შიო ხეცურიანის თქმით, clubnparty-ის გამოყენებით ორგანიზატორებმა უკვე 60-ზე მეტ წვეულებას უმასპინძლეს, რომელთა უმეტესობა კლუბების მიერ იყო ორგანიზებული. უახლოეს მომავალში კომპანია გადახდის ფუნქციონალის დამატებას აანონსებს, რაც მომხმარებელს სახლის წვეულებების გაციფრულების და ამ გზით, შემოსავლის მიღების შესაძლებლობას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები