საქართველოს სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორი მუშახელის მწვავე დეფიციტს განიცდის. მაშინ, როდესაც ქვეყანაში სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა რეკორდულ ნიშნულს აღწევს, კომპანიები იძულებულნი არიან კადრები უცხოეთიდან ჩამოიყვანონ - ამის შესახებ BMG-სთან „კავკასუს როუდ პროჯექტის“ გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე საუბრობს.
მისი თქმით, პარადოქსულია, რომ ქვეყანაში 700 ათასზე მეტი პირი სოციალური დახმარების მიმღებია, ამავდროულად, კი ბაზარზე საჭირო კადრების დეფიციტია.
“უცხოელი მუშახელი ყველას ჰყავს დასაქმებული. ჩვენთან დღეს ცოტაა, მაგრამ ბევრ კომპანიაში საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან დასაქმებული. დავსვათ კითხვა - რატომ გახდა ეს საჭირო? რატომ ვასაქმებთ? ჩვენ რა, ეროვნული სიამაყე არა გვაქვს? არ გვირჩევნია, რომ ქართველს ვუხადოთ, ვიდრე უცხოელს? რატომ მოხდა ეს?
მე ვარ ერთადერთი დასაქმების მინისტრი. სამი თვის განმავლობაში არსებობდა ეს სამინისტრო. დასაქმების სამინისტროს არსებობა ჩვენი მაშინდელი პარტნიორების - ამერიკელების რჩევა იყო, რომ ეს აუცილებელია და მე მაშინ ანალიზს ვაკეთებდი.
მაშინ ამბობდნენ, რომ ეს არის “სიზმრების სამინისტრო”, “ოცნებების სამინისტრო” და ა.შ. გავიდა 13 წელი, რაც გააუქმეს. შედეგი? შედეგია ის, რომ 750 ათასი კაცი გვყავს სოციალურ დახმარებაზე და უცხოელები ჩამოგვყავს სამუშაოდ. ე.ი. რაღაც ხდება, ხომ? ვიღაცამ ანალიზი ხომ უნდა გააკეთოს. საქართველოში 3 მილიონ 700 ათასი მცხოვრებია. შეიძლება 3 მილიონ 700 ათას კაცში 750 ათასი ადამიანი სოციალურ დახმარებას იღებდეს? ეს ტრაგედიაა. ე.ი. რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. დასავლეთშიც არის სოციალური დახმარება, მაგრამ ასე მიშვებული თავის ნებაზე არ არის. იქ სოციალური დახმარების მიმღებ ხალხს პირობას უყენებენ: მოდით, გადაგამზადებთ იმ საკითხებში, სადაც გვჭირდება სამუშაო ძალა. მაგრამ შენ თუ მუშაობა არ გინდა და პარაზიტობა გინდა, მოგიხსნი მაშინ ამ დახმარებას. კეთილი ინებე და იმუშავე - ეს საზოგადოების კანონია“, - აცხადებს პაატა ტრაპაიძე BMG-სთან.
კითხვაზე, თუ რატომ უწევთ კომპანიებს უცხოელი კადრებით ჩანაცვლება, ტრაპაიძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, მათ შორის კვალიფიკაციის ნაკლებობასა და სპეციფიკურ კულტურულ ფაქტორებს, რომლებიც სამუშაო პროცესს აფერხებს.
„ეს კომპლექსური საკითხია - ნაკლებობაა კვალიფიკაციაშიც და სურვილშიც. გარდა ამისა, არსებობს საკმაოდ ბევრი მანკიერი ტრადიცია ჩვენი საზოგადოებისთვის: არ დამთავრდა ეს დასაფლავებები, ორმოცები, დაბადების დღეები, ქორწილები... ხანდახან ბრიგადა გეუბნება, რომ “იცი რა, დღეს რაღაცა დღესასწაულია, წავედი, არ მაინტერესებს”. მოდით, გულახდილად ვისაუბროთ, ასე არ არის? სწორედ ამიტომ გახდა საჭირო უცხოელების დასაქმება. რა, ჩვენ ეროვნული სიამაყე არ გვაქვს? არ გვირჩევნია, რომ ქართველს ვუხადოთ, ვიდრე უცხოელს?“ - აცხადებს პაატა ტრაპაიძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ უცხოელთა დასაქმებაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა, ბიზნეს სექტორი ცდილობს გამოსავალი იპოვოს.
„საერთოდ ბიზნესს ახასიათებს ერთი თვისება: უნდა თუ არ უნდა, უნდა მოერგოს ბაზარს. თუ ვერ მოვერგებით - გავალთ ბაზრიდან. ჩვენ ვაპირებთ იმას, რომ რაღაცნაირად დავრჩეთ ბაზარზე. მშენებელთა ასოციაციას სამინისტროსთან მუდმივი კონტაქტი აქვს და ვცდილობთ, რომ ორივესთვის მისაღები ცვლილებები შევიტანოთ. იმედია, რაღაცას მივაღწევთ და არ დავანგრევთ ამ დარგს. ყველაფერს კომპლექსური მიდგომა სჭირდება“, - ამბობს ტრაპაიძე.
პირველი მარტიდან, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა ძალაში. ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება და თვითდასაქმება მხოლოდ სპეციალური ნებართვის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. იმისათვის, რომ უცხოელმა საქართველოში კანონიერად იმუშაოს ან განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა (მათ შორის დისტანციურად), მან „შრომითი საქმიანობის უფლება“ უნდა მოიპოვოს.
აღნიშნულ ნებართვებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს. პროცესი სრულად ელექტრონულია და დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტაცია სპეციალურ პორტალზე labourmigration.moh.gov.ge უნდა ატვირთონ.კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი პირობები ასეთია:
- შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა 1 წლამდე ვადით;
- ნებართვა გაიცემა კონკრეტულ დამსაქმებელსა და კონკრეტულ პოზიციაზე;
- დისტანციური მუშაობა: რეგულაცია ეხება მათაც, ვინც საქმიანობას დისტანციურ რეჟიმში ახორციელებს.




























