საქართველოს მთავრობამ 2007 წელს, თბილისში სამების ეკლესიის მიმდებარედ, 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთი, რომელიც ფაქტობრივად ცარიელი იყო აუქციონის მეშვეობით გაყიდა. უძრავი ქონება აუქციონის შედეგად კახა კალაძის მიერ დაფუძნებული “კალა კაპიტალის” შვილობილმა კომპანია “არსენალ დეველოპმენტმა” 38 მილიონ დოლარად შეიძინა. ინვესტორს მიწის ნაკვეთის საფასური ორ ტრანშად უნდა გადაეხადა, სიადანაც $19 მილიონი კალაძის კომპანიამ სრულად დაფარა, თუმცა მეორე ტრანშის დაფარვა კალაძემ ვერ შეძლო, რის მიზეზადაც 2008 წლის აგვისტოს ომი დასახელდა.
სწორედ აგვისტოს ომამდე დაიგეგმა პროექტის განვითარების სტრატეგია, რომელიც უშუალოდ კახა კალაძის და მისი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ადგილზე არანაკლებ 700 მილიონი დოლარის ინვესტირებას ითვალისწინებდა. ეს პროექტი კი ომის და აღნიშნულ პერიოდში საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის ვარდნით იყო განპირობებული.
თუმცა, ფაქტი დღემდე უცვლელია, რომ კალაძის კომპანიამ ტერიტორიაში მხოლოდ საფასურის ნახევარი გადაიხადა, სწორედ ამიტომ ეკონომიკის სამინისტრომ უძრავი ქონების საკუთრების მფლობელობა არ შეცვალა და მიწა დღემდე სახელმწიფო საკუთრებაშია. ამას ემატება ისიც, რომ 77 ჰექტარიდან ტერიტორიის გარკვეული ნაწილი (15.7 ჰექტარი) ფაქტობრივად საპატრიარქოს საკუთრებაში იყო.
თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ირაკლი აბესაძემ არსენალის მთასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია გამოითხოვა, რომლის თანახმადაც ინვესტორი სახელმწიფოს საპრივატიზაციო პირობების ცვლილებებას სთხოვს.
“კომპანია პროექტის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილავს 2008 წელს საქართველოში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, ამავე პერიოდის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს და ხელშეკრულების გარეშე მხარის მიერ 15.7 ჰექტარის მიწის ფართობზე საკუთარი მოთხოვნის დაყენებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეკონომიკის სამინისტროს სთხოვს პირობების გადახედვას და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან და დარჩენილი გადასახდელი საპრივატიზებო საფასურისგან გათავისუფლებას. ამასთანავე, ინვესტორი სახელმწიფოს სანაცვლოდ სთავაზობს სამომავლოდ ასაშენებელი უძრავი ქონების 10%-ს, რაც დაახლოებით 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.
შესაბამისად, ამჟამად არსენალ დეველოპმენტის შეფასებით, პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონი დოლარის ნაცვლად დაახლოებით 300 მილიონი დოლარია.
კახა კალაძემ პროექტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა 2011 წელს და მაშინდელ ხელისუფლებას საარბიტრაჟო სასამართლოში მიმართვით დაემუქრა. "საქართველოში ბიზნესმენი ხელისუფლების კეთილგანწყობაზეა დამოკიდებული. რაც შეეხევა დამცავ მექანიზმებს, ამაზე ლაპარაკი ინვესტორს არ უნდა სჭირდებოდეს. "არსენალ დეველოპმენტი" ალბათ, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანს სარჩელს,”- განაცხადა კალაძემ.
არსებული მდგომარეობით, “არსენალ დეველოპმენტის” 100%-იანი წილი ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია სანარტ ინთერნეშენალ კორპს ეკუთვნის, რომლის ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობაც საჯარო არაა.