დღეს, 8 მარტს, მასკატიდან თბილისის მიმართულებით განხორციელებული სპეციალური რეისით დასრულდა საქართველოს იმ მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გამო გამგზავრებას ვერ ახერხებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჯამში საქართველოს 600-ზე მეტი მოქალაქე, რომლებმაც დახმარების თხოვნით საელჩოებს მიმართეს, უსაფრთხოდ დაბრუნდა მასკატიდან (ომანის სასულთნო) და რიადიდან (საუდის არაბეთი).
რეგიონში არსებული დაძაბული ვითარებისა და რიგი ქვეყნების მიერ საჰაერო სივრცის დახურვის გამო, სამგზავრო გადაყვანებზე მნიშვნელოვანი შეფერხებები შეიქმნა. ვინაიდან ავიაკომპანიებმა ვერ უზრუნველყვეს მგზავრების დროული ტრანსპორტირება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჯამში ოთხი სპეციალური რეისი დაიგეგმა და განხორციელდა.
საგარეო უწყების განმარტებით, დღევანდელი რეისი იყო დასკვნითი ეტაპი იმ მოქალაქეების გამოსაყვანად, რომლებიც რეგიონში საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გამო იყვნენ დარჩენილები.




























