მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მეორედ გადახედა და ელის, რომ წელს 8%-იანი ზრდა იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ბიუჯეტის 6 თვის შესრულების წარდგენისას განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 5%-იანი ზრდაზე დაიგეგმა, შემდეგ კი მაჩვენებელი 6%-მდე გაიზარდა. ახალი პროგნოზი, რომელიც 8%-იან ზრდას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის ბიუჯეტის განახლებულ პარამეტრებში აისახება, რომელიც პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტთან ერთად წარედგინება.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, გასული სამი წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საკმაოდ კარგი გვქონდა და დიდი ალბათობით, წელს მაჩვენებელი 8%-ს გადააჭარბებს.
"2021-2022 წლებში იყო ორნიშნა ზრდა, უკვე 2023 წელს 7.5% შეადგინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა და ძალიან კარგია, რომ ეს დინამიკა წელსაც გრძელდება. პირველ კვარტალში გვქონდა 8.4%, მეორე კვარტალში - 9.5%. ჯამში, წლის პირველ ნახევარში იყო 9%-იანი ზრდა, თუმცა უკვე ივლისში კიდევ უფრო მაღალი იყო მაჩვენებელი და 13% შეადგინა. წინასწარი მონაცემით, 7 თვეში გვაქვს 9.7% ეკონომიკური ზრდა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ წლიურ პროგნოზსაც. ივლისში, როდესაც გადავხედეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გვქონდა პროგნოზი გაკეთებული, თუმცა ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით, 8%-ს გადააჭარბებს. ამიტომ, ჩვენ 2024 წლის ბიუჯეტების განახლებულ პარამეტრებში, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტთან ერთად იქნება წარმოდგენილი, უკვე 8%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გვექნება წლევანდელი წელი გათვლილი“,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის წარდგენისას.