მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„8 წელი ვიბრძვით, არ მივიღოთ თურქმენიზაცია ფოსტის დარგში“ - რაში არ ეთანხმება ბიზნესი ეკონომიკის სამინისტროს?

61533814951ed
ელენე გოგბერაშვილი
28.09.21 23:40
955
„ფოსტის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც სფეროს რეფორმირების მიზნით მზადდება, უკვე 8 წელია ეკონომიკის სამინისტროში დევს და მისი საბოლოო სახე საჯაროდ არც დაინტერესებულ მხარეებს და არც თავად იმ კომპანიებს უნახავთ, რომელთაც უშუალოდ ფოსტის სფეროს რეფორმა ეხება.

ბოლო აუდიენცია სამინისტროსა და კერძო სექტორს შორის ჯერ კიდევ ზაფხულში შედგა, თუმცა დასრულდა ისე, როგორც ბოლო 8 წლის განმავლობაში ხდებოდა. მოუსმინეს კომპანიებს, დაჰპირდნენ შენიშვნების დოკუმენტში ასახვას, თუმცა კანონპროექტის საბოლოო ვერსია ჯერ სამინისტროს მათთვის არ გაუგზავნია.

რაც შეეხება კერძო სექტორის პოზიციას, მათთვის მთავარი საკითხი ისევ გადაუწყვეტელი რჩება. ყოველ შემთხვევაში დღეს ასეა. კანონმა გამიჯნა ერთმანეთისგან უნივერსალური და კურიერული მომსახურების სფერო, თუმცა თუ უნივერსალური მომსახურება წამგებიანი იქნება, დარგში მოქმედ ბიზნესებს მისი დაფინანსების ვალდებულება უჩნდება, რასაც კერძო სექტორი არ ეთანხმება.

“ახლანდელ ვერსიაში, რაც ეკონომიკის სამინისტრომ სამუშაო ვერსიად მოგვაწოდა, ძალიან მკაფიოდ ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნივერსალური და კურიერული მომსახურება ერთმანეთისგან გამიჯნულია და სხვადასხვა ბიზნესებია, კურიერულ სამსახურებს ვალდებულებას უჩენენ, რომ თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანია იქნება წამგებიანი, ამ შემთხვევაში რაღაც ფონდის საშუალებით ის ჩვენ დავაფინანსოთ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის უპრეცედენტო. ევროკავშირში ვერცერთ ქვეყანას ვერ ნახავთ, სადაც რომელიმე ბიზნეს სუბიექტს ჩვენს სფეროში აქვს ვალდებულება დააფინანსოს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი კომპანია“, - აცხადებს Fedex Georgia-ს დირექტორი, ნინო მენთეშაშვილი.

„თავისუფალი საშუალება დაიტოვეს, რომ გადაწყვეტილების მიღება შეეძლოთ ნებისმიერ დროს, თუმცა ჩვენ არგუმენტირებული პასუხი, რა შემთხვევაში შეიძლება დაჭირდეს უნივერსალურ საფოსტო მომსახურებას, ჩვენი დახმარება და ჩვენი დაფინანსება, სრულიად ჩვენთვის გაუგებარი და ბუნდოვანი იყო“, - აცხადებს გიორგი კოპილაშვილი, ups-ის აღმასრულებელი დირექტორი.

ნათია კუტივაძე, როგორც როგორც ერთ-ერთი გადამზიდავი კომპანიის მრჩეველი, პირადად მონაწილეობდა ბიზნესსა და ეკონომიკის სამინისტროს შორის შეხვედრებში. მისი თქმით, მარეგულირებელი რეჟიმი, რასაც კანონპროექტის ავტორი კერძო სექტორს სთავაზობს, საერთაშორისო პრაქტიკასთან თავსებადი არ არის.

“იმ შემთხვევაში თუ უნივერსალური მომსახურების განმახორციელებელი კომპანია არის წამგებიანი, ქვეყნების ნაწილი იზიარებს, რომ განსხვავება დაფინანსდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამავე დროს არის შემოთავაზებული, ევროკავშირის საბაზისო რეგულაციებით, რომ ანალოგიურ ბაზარზე მოქმედი კომპანიების მიერ გარკვეული შენატანი იქნეს განხორციელებული წლიურად ანუ მათ მიერ იქნას დაფინანსებული და არა ბაზარზე მოქმედი სხვა საფოსტო მომსახურების გამწევი კომპანიების მიერ“, - აცხადებს ნათია კუტივაძე, GIPA-ს პროფესორი.

გარდა იმისა, რომ ახალი კანონით, უნივერსალური მომსახურების ოპერატორის, საქართველოს ფოსტის სახით ბაზარზე ჩნდება მონოპოლისტი, ეს კიდევ უფრო უსამართლოდ მიაჩნიათ იმ პირობებში, როცა სახელმწიფო აანონსებს მის პრივატიზაციას, რაც აჩენს ლოგიკურ მოლოდინს, რომ ერთ ჩვეულებრივ კერძო ბიზნეს სუბიექტს ექნება დანარჩენ ბიზნეს სუბიექტებზე პრივილეგია და სწორედ მათ მოუწევთ მისი წამგებიანი პოზიციის საკუთარი მოგებიდან დაფინანსება.

„ამ შემთხვევაში ვქმნით მონოპოლისტს. კარგი არ არის არც დარგის, არც ეკონომიკის და არც ქვეყნისთვის, რომ არსებობდეს უსამართლო მონოპოლისტი, რაც არ არსებობს განვითარებულ ქვეყნებში, თუმცა თურქმენეთში მაგალითად არის. ეს 8 წელი ვიბრძვით, რომ არ მივიღოთ თურქმენიზაცია ამ დარგში“-აცხადებს ნინო მენთეშაშვილი.

„სამწუხაროდ ისევ ვართ ინფორმაციულ ვაკუუმში. ჩვენ არავინ გვეკონტაქტება, რომ ეს დოკუმენტი ამ ფორმით მომზადდა და უკვე ჩვენ შეგვიძლია საბოლოო დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ“, - აცხადებს გიორგი კოპილაშვილი.

რას ფიქრობს კანონპროექტში დაფინანსების შესახებ ჩანაწერზე დოკუმენტის ავტორი უწყება და აპირებს თუ არა კერძო სექტორის პოზიციის გაზიარებას, რა თქმა უნდა ამ კითხვებით ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ. სამწუხაროდ მათგან პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია.

ფაქტია, 8-წლიანი მუშაობის შემდეგ "ფოსტის შესახებ" კანონპროექტს განხილვებისთვის ამზადებენ. ის, მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განსახილველი კანონპროექტების ნუსხაშია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტს ეკონომიკის სამინისტროს მომზადებული კანონპროექტის განხილვა წინა წლების გეგმაშიც ჰქონდა, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობი მიზეზების გამო, ამ დრომდე დოკუმენტი საპარლამენტო განხილვის საგნად ვერ იქცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები