მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“9-პუნქტიანი გეგმიდან ზაფხულში უკვე ყველა შესრულებული იქნება” - კახა კალაძე

მერი

კახა კალაძეს თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის პირდაპირი მოვალეობაა კანონების მიღება და მისთვის გაუგებარია მოწოდებები დასავლეთიდან, რუსული კანონის ჩაგდების და უკან გაწვევის თაობაზე - ამის შესახებ მერმა პიტერ ფიშერის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა, რომელიც გერმანიის ელჩმა საქართველოში BMGTV-ის ეთერში გააკეთა და დაადასტურა, რომ რუსული კანონით EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება.

“საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. საქართველოს მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და აირჩია საპარლამენტო უმრავლესობა. მათი პირდაპირი მოვალეობაა, მიიღონ კანონები, რომელიც სჭირდება ქვეყანას, ამ ქვეყნის მომავალს, მის განვითარებას, მშვიდობის და სიმშვიდის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლას და აღმშენებლობას.

შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია გარედან მოწოდებები, რატომ არ უნდა იყოს მიღებული კანონი, რომელიც ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ბევრი განცხადება უცხოეთიდან, თუმცა ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, გარდა ერთისა - “იმიტომ” - განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო 9 პუნქტიდან ყველა ზაფხულში უკვე შესრულებული იქნება, რის შემდეგაც, ევროკავშირზეა დამოკიდებული, გახსნიან თუ არა მოლაპარაკებებს.

“რა ვიცი, ახლაც მზად ვართ, თუ ვინმეს აქვს რამე კონკრეტული, წარმოადგინონ, შინაარსობრივად რატომაა პრობლემური აღნიშნული კანონი. რატომ შეიძლება გამჭვირვალობა პრობლემა იყოს და ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ მომავალს და ა.შ.

თუმცა ჩვენ წარმოგვიდგინეს 9 პუნქტიანი გეგმა, რომელსაც ძალიან მალე, ზაფხულში უკვე დავასრულებთ, შესრულებული იქნება ყველა პუნქტი, და ეს არის იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები. საქართველო გააკეთებს ყველაფერს ამ გზაზე და ბურთი იქნება იმათ მხარეს, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროკავშირმა და ჯოზეფ ბორელმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ კანონის მიღებით, ქვეყანამ შესასრულებელი 9 პუნქტიდან მინიმუმ 3-ში, უკან დაიხია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები