გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია და, თუ ხელისუფლება "უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონს უკვე არსებული ფორმით მიიღებს, გერმანია საქართველოსთან EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ დაუჭერს.
„ეს დინამიკური პროცესია, ალბათ, წაიკითხეთ განცხადება, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა მიღებულ კანონს. საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი სტანდარტს მიღმაა. რაც შეეხება ევროკომისიის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას, ეს კანონი თუ იქნება მიღებული ისე, როგორც ახლაა, გერმანია არ მისცემს ხმას საქართველოსთვის მოლაპარაკების სივრცის გახსნას, თქვენ უნდა იყოთ სტანდარტებთან შესაბამისი, თუ არადა წინ ვერ წახვალთ“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა (TV პირველის თარგმანი).
ფიშერი თავის გამოსვლაში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერი შოლცის განცხადებას ახსენებს, რომელიც 19 მაისს გავრცელდა. განცხადებაში საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები საქართველოს მიერ ევროპული გზიდან გადახვევის გამო, მწუხარებას გამოთქვამენ.
მანამდე, პიტერ ფიშერმა Movement-თან ინტერვიუში ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებული რისკების შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მთავრობას, აღნიშნული კანონი უკან გაიწვიოს.