“ქართული ოცნების” მიერ ხელმეორედ ინიციირებულ “რუსულ კანონთან” დაკავშირებულ საფრთხეებზე გერმანიის ელჩი საქართველოში, პიტერ ფიშერი, Movement-თან ინტერვიუში საუბრობს. მისი განმარტებით, კანონპროექტი პრობლემატურია, რადგან ის ეწინააღმდეგება ევროპულ იდეოლოგიას, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის ცენტრალური საყრდენია.
“იმაზე, თუ რა საფრთხეებს შეიცავს ეს კანონპროექტი, არა მხოლოდ ეჭვები მაქვს, არამედ ზუსტად ვიცი, რადგან ის არაერთხელ წავიკითხე. ევროპული იდეოლოგია სამოქალაქო საზოგადოებას დემოკრატიის ცენტრალურ ნაწილად მოიაზრებს. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურია და მნიშვნელოვანია, რომ მას ხელი შევუწყოთ და არა - შევუშალოთ.
ევროკავშირი მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, კი არ ზღუდავს მას. ეს კანონპროექტი კი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეხება, გარდა სპორტულისა და სისხლის ბანკებისა - იგი ფართო და მრავლისმომცველია”, - აცხადებს ფიშერი.
გერმანიის ელჩმა იმ მთავარ განმასხვავებელ ფაქტორებზეც ისაუბრა, რითაც ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტი არ ჰგავს ევროკავშირსა და აშშ-ში მიღებულ არც ერთ კანონს. დიპლომატი განმარტავს, რომ რუსული კანონის ნებისმიერი ანალოგი განასხვავებს ერთმანეთისგან ლობისტურ საქმიანობასა და ნორმალურ არასამთავრობო აქტივობებს.
“კანონებს, რომლებიც არსებობს აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვნად ის განასხვავებს [რუსული კანონისგან], პირველ რიგში, რომ ის ერთმანეთისგან არჩევს უცხო ინტერესების გატარებას და ჩვეულებრივ, არასამთავრობო აქტივობებს.
უცხო ინტერესების გატარება ნიშნავს, რომ თუ მე ხელს მოვაწერ კონტრაქტს უცხოელებთან, მათგან მათივე ინტერესების გასატარებლად ავიღებ ფულს, მე მათ ნაცვლად ვმოქმედებ. ეს, რა თქმა უნდა, ლობისტურ რეესტრში უნდა იყოს დაფიქსირებული - სწორედ ამას ემსახურება აშშ-ის FARA.
არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებებს თავიანთი მიზნები და ინტერესები აქვთ და არა - უცხოელების. მათი ინტერესია ანტიკორუფციული პროექტები, ქალთა უფლებები, გარემოს დაცვა, ბავშვთა უფლებები, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, მუსიკალური განათლება და კალათის დაწვნა მაღალმთიან სვანეთში - თქვენ მხოლოდ დაასახელეთ. ეს არის მათი მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად იღებენ დაფინანსებას, რომლის ნაწილიც მოდის უცხო ქვეყნებიდან. ეს აქტივობები მიჩნეულია ჩვეულებრივ არასამთავრობო პროექტებად და სწორედ ამის შეზღუდვა არ გვინდა. ამ კანონით კი, მასშტაბი ზედმეტად დიდია, ის ფარავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას და ინტერნეტ-დომეინებს და მათ ავალდებულებს რეესტრში რეგისტრაციას, გამონაკლისების გარეშე”, - განმარტავს პიტერ ფიშერი.
მისივე თქმით, კანონპროექტის კიდევ ერთი ხარვეზი ნებისმიერი დამფინანსებელი ქვეყნის ერთ რეესტრში გატარებაა. ფიშერი აცხადებს, რომ, თუ საქართველოს EU-ს წევრობა სურს, მან, მაგალითად, გერმანული ფული, საეჭვოდ არ უნდა მიიჩნიოს.
“ევროკავშირში მსგავსი კანონპროექტის დირექტივა ათავისუფლებს ყველას, ვისი დაფინანსებაც ევროპის ეკონომიკური არეალიდან მოდის. ევროპული კანონი ამბობს, რომ ფული, რომელიც ჩვენგან, ჩვენი სივრციდან, ჩვენი მეგობრებისგან მოდის, გამონაკლისია, ის არ არის საეჭვო და არ საჭიროებს რეგისტრირებას. მნიშვნელობა არ აქვს, ეს თანხა საფრანგეთიდან მოდის თუ ესპანეთიდან. ამიტომ გასაკვირია, როდესაც საქართველო, რომელიც კანდიდატია და EU-ში გაწევრიანება სურს, იმავეს არ აკეთებს. არ ფიქრობს, რატომ შეიძლება ფული, რომელიც გერმანიიდან შემოდის საეჭვო იყოს? ჩვენ მეგობრები ვართ, პარტნიორები, ერთად ვმუშაობთ, ერთი მიზნები გვაქვს, არა?” - ამბობს გერმანიის ელჩი.
კიდევ ერთი რისკი, რომელსაც ფიშერი უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანონპროექტში ხედავს, მონიტორინგის მუხლია, რომელიც, მისივე თქმით, აჩენს შესაძლებლობას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა შეიზღუდოს.
“მესამე პრობლემა ამ კანონთან დაკავშირებით მისი მე-8 მუხლია, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უსაზღვრო მონიტორინგის უფლებას ანიჭებს. და ყველა დაწესებულებას, რომელსაც კანონი ითვალისწინებს, ანგარიშვალდებულებას სთხოვს. ფაქტობრივად, კანონი იუსტიციის სამინისტროს, 6 თვეში ერთხელ, იმდენი დამატებითი კითხვის დასმის საშუალებას აძლევს, რამდენსაც ის მოისურვებს, რაც ძალიან ბევრია. ეს შეიძლება საფუძველი იყოს იმ დაწესებულების შეზღუდვის, რომლებსაც კანონი მოიაზრებს. შესაძლოა, ამან გამოიწვიოს არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობების შეზღუდვაც.
ვამბობ “შესაძლოა”, თუმცა, როდესაც ევროპულ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ჩვენ არასდროს მივიღებდით კანონს, რომელსაც “შესაძლოა”, ასეთი შედეგები მოჰყვეს. ევროპული გზა არ გულისხმობს ხელისუფლებისთვის ასეთი ბერკეტის არსებობას”, - განმარტავს დიპლომატი.
კანონპროექტის მხარდაჭერაში გერმანიის ელჩი პრობლემატურ საკითხად ხედავს დასავლელი პარტნიორების მიერ გავრცელებულ კრიტიკულ განცხადებებსაც. მისი თქმით, საქართველო თავისუფალია არჩევანში, მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელსაც ის მოისურვებს, თუმცა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის.
“მეოთხე პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფერს თან სდევს კრიტიკული განცხადებები ევროკავშირისგან, მისი წევრი ქვეყნებისგან, ჩვენი მეგობრისა და მოკავშირე აშშ-სგან, ამიტომ საინტერესოა, რატომ აინიცირებენ ამ კანონპროექტს, ყველა ამ უკიდურესად კრიტიკულ განცხადებასთან ერთად?!
საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ჩვენ პატივს ვცემთ მის სუვერენიტეტს. საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელსაც მოისურვებს. თუმცა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამაზე ვსაუბრობ ისაა, რომ მე ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ვარ, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი ექნება საქართველოს ევროინტეგრაციის სამომავლო პროცესებში. ამიტომ, როგორც მეგობარს, ვალდებულებაც მაქვს, რომ ამაზე ვისაუბრო და განვმარტო, რა დაგეხმარებათ ამ გზაზე და რა - არა. ეს კანონი არ დაგეხმარებათ და ევროკავშირში ამაზე ყველა თანხმდება”, - აცხადებს პიტერ ფიშერი.
გერმანიის ელჩი ასევე განმარტავს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც “უცხო ძალის გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტს ევროპულ და ამერიკულ ანალოგებთან აიგივებს, ტყუილია, რისი დადასტურებაც ფაქტების გადამოწმებითაც შეიძლება.