ბოლო 9 წელიწადში, საინვესტიციო კრედიტების ვერათვისების გამო, მთავრობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ვალდებულების გადასახადის სახით, მინიმუმ 41 მილიონის ლარის გადახდა მოუწია.
ამის შესახებ ინფორმაცია BMG-მ სახელმწიფო აუდიტის მიერ მომზადებული ბიუჯეტის შესრულების ყოველწლიური ანგარიშებიდან ამოიღო.
2017 - ₾1.7 მლნ
2018 - ₾3.1 მლნ
2019 - ₾4.8 მლნ
2020 - ₾9.6 მლნ
2021 - ₾5.8 მლნ
2022 - ₾2.4 მლნ
2023 - ₾4.5 მლნ
2024 - ₾4 მლნ
2025 - ₾4.7 მლნ.
აღსანიშნავია, რომ ეს სრული ინფორმაცია არაა. აუდიტის სამსახურში BMG-ის განუმარტეს, რომ „ვალდებულების გადასახადის" დაანგარიშებისას აუდიტირებმა ზღვრად ისეთი პროექტები აიღეს, სადაც კრედიტის ათვისების მაჩვენებელი 70%-ზე დაბალი იყო. შესაბამისად, დიდი ალბათობით საკომისიოს მოცულობა უფრო მეტია, ვიდრე - 41 მლნ ლარი.
„ვალდებულების გადასახადი“ (ე.წ. Commitment Fee) არის საკომისიო, რომელსაც სახელმწიფო/კომპანია იხდის აუთვისებელ სესხებზე. საერთაშორისო ფონდები და საფინანსო ინსტიტუტები ამ “ჯარიმას” აწესებენ იმისთვის, რომ სესხად გამოყოფილი თანხა ეფექტიანად და დროულად მოხმარდეს პროექტებს. “ვალდებულების გადასახადი” ერიცხება კრედიტის აუთვისებელ ნაწილს, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა სესხის ათვისება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციითვე, 2015-2022 წლებში აღებული €786 მილიონის 12 სესხიდან ათვისებულია €189 მლნ ანუ ჯამური თანხის 24%.
“საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ათვისების ნაწილში განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი კრედიტით დაფინანსებული პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე. 114 მსგავსი ტიპის პროექტების დაბალი ათვისების ტენდენცია საბოლოო ჯამში შესაბამისი სესხების ფარგლებში გამოყოფილი რესურსის დაბალ ათვისებაში აისახება, რაც იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას.
2015-2022 წლებში გაფორმებული 12 საინვესტიციო სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ათვისებულმა თანხამ 188.7 მლნ ევრო შეადგინა, რაც ხელშეკრულებებით ჯამურად გათვალისწინებული თანხის 24%-ია (ჯამური თანხა 786 მლნ ევრო). აღნიშნულ სესხებზე 2025 წელს გადახდილია 4.7 მლნ ლარის ოდენობის ვალდებულების გადასახადი.
მოცემული საგარეო კრედიტების ხარჯზე დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების უმეტესობა გასულ წლებშიც დაბალი ათვისებით ხასიათდებოდა ზემოაღნიშნული ტენდენციების გამომწვევი მიზეზების ინდივიდუალური პროექტების დონეზე ანალიზის შედეგად გამოიკვეთა პროექტების სასიცოცხლო ციკლის სხვადასხვა ეტაპზე არსებული გამოწვევები, რაც უკავშირდება კონტროლირებად ან/და არაკონტროლირებად ფაქტორებს”, - წერია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში, კერძოდ, საინვესტიციო პროექტების მართვის ქვეთავში.
დაბალი ათვისების საინვესტიციო პროექტების სია საკმაოდ გრძელია - მაგალითად: სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია და აღჭურვის პროექტი, მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, ბაღდათი-აბასთუმნის საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი, კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ა.შ. ანუ ფული გამოყოფილი იყო, მაგრამ ვერ იხარჯებოდა, შესაბამისად, საქმეც არ კეთდებოდა.
სახელმწიფო აუდიტორები წერენ, რომ პროექტების განმახორციელებელი უწყებები მიზეზებად ასახელებენ როგორც კონტროლირებად, ისე არაკონტროლირებად მიზეზებს - კერძოდ, ხან რთულ გეოლოგიურ მდგომარეობას, ხან ტენდერის ჩაშლას, ხან კიდევ კონტრაქტორების მხრიდან სამუშაოების ღირებულების გაზრდის მოთხოვნას და ა.შ.
დაბალი ათვისების პროექტების სრულ სიას ნახავთ აქ [123-ე გვერდზე]
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში საკმაოდ ვრცლადაა მიმოხილული ის ნაკლოვანებები, რაც კაპიტალური/საინვესტიციო პროექტების მართავს ახლავს თავს.
დოკუმენტში წერია, რომ მთავრობას წლებია, მათ შორის 2025 წლის ჩათვლით, არ წარმოუდგენია საინვესტიციო პროექტების შესახებ პერიოდული ანგარიშები, რომელიც ბიუჯეტის შესრულების დოკუმენტს უნდა ერთოდეს თან. ასევე აღნიშნულია, რომ “2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში, გასული წლების მსგავსად, კაპიტალური ხარჯების მაჩვენებლის შესახებ ინფორმაცია ცხადი სახით წარმოდგენილი არ არის.
ცნობისთვის: შარშან კაპიტალურ პროექტებზე 7 მილიარდი ლარი დაიხარჯა, საიდანაც 4 მილიარდამდე უშუალოდ საინვესტიციო პროექტებზე წავიდა. აღსანიშნია ისიც, რომ 2025 წელს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების ფარგლებში ათვისებული თანხის 76% საბიუჯეტო სახსრები იყო, მათ შორის შიდა ვალი, მაგრამ არა - საგარეო ვალი.
გარდა ამისა, საინვესტიციო პროექტების მართვის ქვეთავში მითითებულია კაპიტალური პროექტების დაგეგმვა-მართვასა და ანგარიშგებაში არსებულ სისტემურ ჩავარდნებზე.
აუდიტორები წერენ, რომ კაპიტალური პროექტების დაგეგმვის კუთხით არსებული გამოწვევები, ასევე, ცხადად იჩენს თავს ინდივიდუალური პროექტების დონეზე. მთავარ პრობლემად აღწერილია ის, რომ კაპიტალური პროექტების დაგეგმვა და შეფასება საწყის ეტაპზე უხარისხოდ ხდება, რის გამოც ბიუჯეტები იზრდება, ვადები კი მნიშვნელოვნად ჭიანურდება. აუდიტორების მიგნებით - შესწავლილი 25 პროექტიდან თითქმის ყველას (24-ის) გეგმა შეიცვალა, ხოლო პროექტების მეხუთედში დასრულების ვადა მინიმუმ 2 წლით გადავადდა ან ბიუჯეტი 20%-ზე მეტით გაიზარდა.
აუდიტორები წერენ, რომ კაპიტალური პროექტების განმახორციელებელი უწყებებიდან მიღებული განმარტებებით, პროექტების საწყისი ბიუჯეტებიდან და ვადებიდან გადახრების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია: გეოლოგიური სირთულეები და პროექტების მასშტაბის/შინაარსის ცვლილება.
“საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვით, ისევე როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის სტანდარტების თანახმად, კაპიტალური პროექტის შეფასების ეტაპზე უნდა ჩატარდეს ყველა ტექნიკური შეფასება, მათ შორის, გეოლოგიური კვლევა, ალტერნატივების ანალიზი და პროექტის მასშტაბის განსაზღვრა. ზემოაღნიშნული პროექტების ანალიზი მიუთითებს შეფასების ეტაპზე არსებულ სისუსტეებზე, რამდენადაც, ხშირ შემთხვევებში, ამ ეტაპზე გასაკეთებელი აქტივობები უშუალოდ პროექტის შესრულების ეტაპზე ხორციელდება”, - ასკვნიან აუდიტორები.
სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციაა, კაპიტალური პროექტების შესრულების მონიტორინგის კუთხით, „საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიის“ მოთხოვნის შესაბამისად პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშები მომზადდეს და მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანგარიშებთან ერთად წარმოადგინოს.
სესხების დაბალი ათვისებისთვის ქვეყანამ დამატებით ₾4.7 მლნ გადაიხადა - გამოწვევები კაპიტალურ პროექტებში
სახელმწიფო აუდიტის 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ




























