მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 თვეში ექსპორტზე $33.7 მილიონის გარგარი, ატამი, ალუბალი და ქლიავი გავიდა - ვინ და სად ყიდის ხილს?

ხილი

იანვარ-სექტემბერში საქართველომ გარგარის, ატმის, ალუბლის და ბალის, ასევე ქლიავის და ღოღნაშოს ექსპორტით 33 მილიონ 727 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. წლიურად კურკოვანი ხილის ექსპორტი 19%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტზე ამ პერიოდში ჯამურად 30 991 ტონა ხილი გავიდა, რაც გასული წლის მოცულობებს 15%-ით აღემატება.

საქართველოდან გარგარი და ატამი, ალუბალი და ბალი, ქლიავი და ღოღნაშო სულ 6 ქვეყანაში იყიდება, აქედან ექსპორტში ძირითადი წილი რუსეთის ბაზარზე მოდის. წელს 9 თვის განმავლობაში ამ მიმართულებით 32 მილიონ 82 ათასი დოლარის ღირებულების 29 222 ტონა პროდუქტი გავიტანეთ. სტატისტიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროდუქტის ჯამური ექსპორტი სწორედ რუსეთში გაყიდვების ზრდით არის განპირობებული. ამგვარად, საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონლის ჩამონათვალში გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნაშო მეხუთე ადგილს იკავებს.

ამ დასახელების პროდუქტის საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

  1. რუსეთი - $32 მლნ, 29 222 ტონა;
  2. სომხეთი - $1,2 მლნ, 1 487 ტონა;
  3. ბელარუსი - $328 ათასი, 239 ტონა;
  4. ისრაელი - $28 ათასი, 20 ტონა;
  5. ყაზახეთი - $22 ათასი, 20 ტონა;
  6. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1 ათასი, 1 ტონა.

BM.GE-მ საქსტატიდან გარგარის და ატმის, ალუბლის და ბალის, ქლიავის და ღოღნაშოს ექსპორტიორი კომპანიების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. უწყების პასუხიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული ასეთია:

  • შპს გეო ხილი;
  • შპს გორი;
  • შპს ილიფრეშ;
  • შპს ინფინიტი თრეიდ ჯორჯია;
  • შპს კონოჰა;
  • შპს მარი გიო;
  • შპს უნიონ ექსპორტი 2024;
  • შპს ფუდექს-გეო;
  • შპს ხილის ექსპორტი 2023;
  • შპს ჯეო ფრეში

შენიშვნა ექსპორტიორები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები