2023 წლის 9 თვეში, რეკორდული, 103.2 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1468 გვტ.სთ ელექტროენერგიაა ექსპორტირებული, - ამის შესახებ კვლევას TBC Capital ავრცელებს.
მიმოხილვის თანახმად, ძირითადი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია, საიდანაც 94 მილიონი აშშ დოლარის ელექტროენერგიაა ექსპორტირებული.
რაც შეეხება სხვა ბაზრებს, მეორე ადგილს სომხეთი იკავებს. შემდეგ ადგილებს, კი აზერბაიჯანი და რუსეთი ინაწილებენ.
2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 84.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 0.97 ტვტ.სთ ელექტროენერგია, ხოლო 2023 წლის პირველ ცხრა თვეში 103.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 1.5 ტვტ.სთ. კვლევის მიხედვით, შემოსავლების ზრდის ძირითადი ფაქტორები თურქეთში არსებული მაღალი ფასები და შიდა გაზრდილი გამომუშავებაა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2022 წელს რეკორდულ 14.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია. თუმცა, კვლევის მიხედვით, მზარდი ტენდენცია აფხაზეთის, კრიპტომაინინგისა და ფეროშენადნობთა საწარმოების მოხმარების შემცირების ფონზე 2023 წლის პირველ 9 თვეში შენელდა და მოხმარება წლიურად 8.3%-ით, 9.8 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. მეორე მხრივ, საცალო მომხმარებლების კატეგორია მოხმარების მცირედ ზრდას აჩვენებს.
TBC Capital-ი პროგნოზირებს, რომ საშუალოვადიან პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5%-ის ფარგლებში გაიზრდება და 2026 წლისთვის, ელექტროენერგიის მოხმარება 15.4 ტვტ.სთ-ს მიაღწევს.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გამომუშავებას, 2022 წელს, იგი საქართველოში წინა წელთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და 14.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია. გამომუშავების ზრდა დაფიქსირდა როგორც ჰიდროსადგურების, ასევე, თბოსადგურების და ქარის სადგურის მიერ. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში გენერაციამ 11.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია (+2% წ/წ), მეტწილად თბოგენერაციის ხარჯზე.