პირველი სამი კვარტალის განმავლობაში სასტუმრო სექტორში ბრუნვამ 823.9 მლნ ლარს მიაღწია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10.2%-ით აღემატება. ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სასტუმრო სექტორის ბიზნესსტატისტიკის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
„ეს ზრდა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს 2023 წლის განმავლობაში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ რეკორდულად მაღალ შემოსავალს“, - აღნიშნავენ მიმოხილვის ავტორები.
მათივე ინფორმაციით, სასტუმრო სექტორში როგორც საშუალო დასაქმება, ისე საშუალო თვიური ხელფასი 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 5.7%-ით და 11.4%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის III კვარტალში სასტუმრო სექტორში მთლიანმა სახელფასო ფონდმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია და 26.6 მილიონი ლარი შეადგინა.
ამასთან პირველ სამ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განთავსების საშუალებებზე გაწეულმა ხარჯებმა 4.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც მთლიანი დანახარჯების 39.7%-ს შეადგენს. ამ პერიოდში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, განთავსების საშუალებების წილი მთლიან დანახარჯებში 7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა ჯერ კიდევ ჩამორჩება პანდემიამდელ რიცხვს, 2023წლის იანვარ-სექტემბერში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სასტუმრო სექტორში ბრუნვა 16.8%-ით გაიზარდა.
სასტუმრო სექტორის ბიზნესსტატისტიკის განახლებულ მიმოხილვის ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ აგრეგირებულ სექტორში (HORECA) სასტუმრო სექტორის წილი მცირდება და ამის შესაძლო ფაქტორებსაც განმარტავენ.
„2023 წლის III კვარტალში HORECA სექტორის ბრუნვაში სასტუმრო სექტორის ბრუნვის წილმა 44% შეადგინა, რაც ნაკლებია როგორც 2022, ისე 2019 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით. ამის მიზეზი კი, შესაძლებელია, იყოს პანდემიითა და რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ცვლილებები ვიზიტორთა მახასიათებლებში.
წელს I-III კვარტალში, 2022წლის I-III კვარტალთან შედარებით, იმ ვიზიტორთა წილი, რომლებიც საქართველოში სტუმრობისას დასარჩენად ირჩევენ სასტუმროებსა (-1.8პპ) და საოჯახო სასტუმროებს (-1.0 პპ) შემცირდა. ამავდროულად, გაიზარდა იმ ვიზიტორთა წილი, რომლებიც ქირაობენ სახლს/ბინას (+2.7 პპ) ან რჩებიან მეგობრის/ნათესავის სახლში(+1.0პპ)“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.